მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: უკვე მომხრე ვარ, საპენსიო დანაზოგის მიმართ მდგრადობა შენარჩუნდეს

5f72da0b5bdd5
ლიკა გურაბანიძე
29.09.20 11:30
1626

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ “საქმიან დილაში” საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა. როგორც პაპავა აღნიშნავს, დოკუმენტი მოქალაქეებისთვის რამდენიმე პოზიტიურ ნაწილს შეიცავს და საპენსიო სააგენტოს მიერ შესაბამისი კომუნიკაციით, ამ დოკუმენტს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ მომხმარებლებში მის მიმართ ნდობა გაიზარდოს.

“ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ პირველი 5 წელი საპენსიო სააგენტოს დაგროვილი თანხის სადმე წაღების დიდი შესაძლებლობა არ ჰქონდა. მას ამ თანხის ბანკში განთავსებასა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას შორის ალტერნატივა ჰქონდა.

ერთ-ერთი საინტერესო, რაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით არის შემოთავაზებული, ე.წ. ბენჩმარკ პორტფელია, რომლის ფარგლებშიც ის 60%-ის ფულად სახსრებში განთავსებას უმიზნებს. მათ შორის, ეს საბანკო დეპოზიტები იქნება, თუ სადეპოზიტო სერტიფიკატები. 25% სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისთვის გამოიყო. კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ხედავს, რა წილი უნდა განთავსდეს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.

როდესაც მომხმარებლებს არჩევანი დაუდგებათ, რომ ჩვენი საპენსიო დანაზოგების განთავსება ნაკლებად, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში გვსურს, ამ მომენტს საქართველო გაცილებით მაღალი ფინანსური განათლებით უნდა შეხვდეს. ის ინსტრუმენტები, რომელიც თითოეული პორტფელის ფარგლებში გამოიყენება სხვადასხვა რისკიანობის არის და მასში ლიმიტები სხვადასხვანაირად არის დადგენილი. მოქალაქეებს გარკვეულ წარმოდგენას სწორედ ეს ლიმიტები შეუქმნის, თუ სად შეიძლება განთავსდეს მისი თანხები.

თუ აქამდე მომხრე არ ვიყავი, დღეს მომხრე ვარ, რომ საპენსიო დანაზოგის მიმართ მდგრადობა შენარჩუნდეს და მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი ნდობა ჰქონდეს", - განაცხადა პაპავამ.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტომ გუშინ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტი მოსახლოების მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის და რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საბოლოო რედაქცია მხოლოდ ახლა დამტკიცდა.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა რისკიანობის აქტივების აღწერას ეხება. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სისტემის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა.