მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად საპენსიო ფონდის გამოყენება მიზანშეწონილი არაა - გიორგი პაპავა

63bed19a08081
ანუკა ჯოხაძე
13.01.23 09:57
715
მთავრობას აქვს ინიციატივა, საპენსიო ფონდის აქტივებში ინვესტირების პროცესში ცვლილებები შეიტანოს და ფონდს უფრო მაღალი რისკის დაბანდებების განხორციელება შეეძლოს. ამას საპენსიო ფონდის “მანდატის გაფართოება” ეწოდება და მის შედეგად, საპენსიო ფონდი აქტივების მმართველი ფონდიდან საკრედიტო ორგანიზაციად შეიძლება გარდაიქმნას. საუბარია პროექტებისთვის პირდაპირი სესხების გამოყოფაზე, თუკი მათ ფინანსირებაში საერთაშორისო დონორებიც არიან ჩართული.

როგორც ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, საპენსიო სააგენტო 2023 წლიდან ისედაც გაფართოებული მანდატით ფუნქციონირებს, შესაბამისად, ჯერჯერობით მანდატის კიდევ უფრო გაფართოება ნაადრევია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლებიც მაღალრისკიანია.

“როდესაც ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება, ამაში პირდაპირ საპენსიო ფონდის სახსრების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ძალიან მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, მნიშვნელოვანია საპენსიო სააგენტო არსებული მანდატის ფარგლებში გაიზარდოს, დააგროვოს გამოცდილება, რომ გააფართოვოს თავისი პორტფელი, ჩაიდოს სხვადასხვა ახალ-ახალ ინსტრუმენტებში.

უნდა დავაკვირდეთ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, რამდენად სწორად ხდება რისკის შეფასება, რამდენად სწორ ინვესტიციებს ახორციელებს ფონდი. ამის შემდეგ კი უნდა ვიფიქროთ მანდატის გაფართოებაზე”,-ამბობს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით ფონდის ამჟამინდელი ზომა 2,9 მილიარდი ლარია. სქემაში კი ამ დრომდე ჩართულია მილიონ 185 ათასი სუბიექტი. ამასთან, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,5 მლნ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები