საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა, ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც $173.4 მილიონი დოლარია.
რეკორდულად გაზრდილ ინტერვენციებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავა არჩევნებს უკავშირებს. „საქმიან დილასთან“ საუბრისას პაპავა ამბობს, რომ რომ არა არჩევნები ეს გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნებოდა.
"ლარის კურსის მერყეობა მოსალოდნელია, რადგან გვაქვს გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაცია რაც ბუნებრივია რომ ეკონომიკურ განზომილებაში გადაითარგმნება. ჩვენს შემთხვევაში ლარის კურსი არის ხოლმე ამის საზომი.
რაც შეეხება ინტერვენციებს, ძალიან ვალიდურია ალბათ კითხვა, რომ არა არჩევნები მიღებულ იქნებოდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებები? ჩემი სუბიექტური აზრია რომ არ იქნებოდა. არჩევნები გარკვეულ როლს თამაშობს ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სები არ დაუშვებს მერყეობას გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ არჩევნები ახლოს არის,“ - განაცხადა თემაზე კომენტირებისას პაპავამ.