მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი, საპენსიო დანაზოგების უმეტესი წილი დინამიკურ პორტფელში იყოს განთავსებული - გიორგი პაპავა

პაპავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დანაზოგების დიდი წილი დინამიკურ ანუ მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყოს განთავსებული.

როგორც გიორგი პაპავამ BMG-ის განუცხადა, გრძელვადიან პერიოდში ყველაზე მაღალი სარგებელი სწორედ შედარებით დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს აქვს.

შესაბამისად, მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ საპენსიო დანაზოგებთან მიმართებით მოქალაქეების ცნობადობა და ინფორმირებულობა გაიზარდოს.

“ვისურვებდი, რომ შედეგი პირიქით გვქონდეს, როდესაც საპენსიო დანაზოგების უმეტესი ნაწილი მაღალრისკიან პორტფელში იქნებოდა. კერძოდ, იმ საინვესტიციო პორტფელში, რომელსაც უფრო ფართო ინსტრუმენტები აქვს, მეტი თანხის დაბანდება შეიძლება უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში უფრო მაღალ ამონაგებს იძლევა დამზოგველებისთვის ანუ მომავალი პენსიონერებისთვის. და არა ის შედეგი, როდესაც დანაზოგების უმეტესი წილი დაბალრისკიან პორტფელშია განთავსებული. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად, მოსახლეობას კვლავ აქვს არჩევანი, რომ დაბალრისკიანი პორტფელიდან დანაზოგები ისევ მაღალრისკიანში გადაიტანოს. ეს არჩევანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საპენსიო ასაკამდე დიდი დრო დარჩათ და შესაბამისად, დაზოგვისთვისაც მეტი დრო აქვთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლება საკმაოდ დაბალ დონეზეა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ბევრმა მათგანმა არ მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ამ საკითხებთან მიმართებაში ცნობადობა მაქსიმალურად გაიზარდოს და უფრო სწრაფი ტემპებით მოხდეს მოქალაქეების ინფორმირებულობა სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პორტფელებთან მიმართებაში, შემდეგ კი მოქალაქეებმა თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი”, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, სამ განსხვავებულ პორტფელში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 2023 წლის აგვისტოდან გადანაწილდა. ეს პორტფელებია: დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ამონაგები მაღალრისკიან პორტფელს ჰქონდა.

2024 წლის 1 იანვრის შემდგომ მაღალ რისკიან პორტფელში გადატანილი თანხის მოცულობამ შეადგინა 1.9 მლნ ლარი, ხოლო საშუალო რისკიან პორტფელში 0.4 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები