26.თებერვალი .2021 17:40

გიორგი შაგიძეს მოლდოვური MAIB-ის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გაყვანა სურს

გიორგი შაგიძეს მოლდოვური MAIB-ის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გაყვანა სურს
views 539
უკან

მოლდოვას უმსხვილესი ბანკის, MAIB-ის ახალი გენერალური დირექტორის გიორგი შაგიძის განცხადებით, უახლოესი წლების განმავლობაში მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ბანკის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გაყვანა იქნება. მისი თქმით, ბანკის აქციონერების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არის ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.

“მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამისთვის ჯერ თავად სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი, თუმცა თუ იქნება ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული MAIB-ი ასრულებს ყველა ის წინაპირობას, რომ მისი აქციები საერთაშორისო ბირჟაზე განთავსდეს. საფონდო ბირჟაზე გასვლით, MAIB-ის შეუძლია იყოს ფლაგმანი მოლდოვური ბიზნესის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში და მას ახალი ინვესტორების მოზიდვა შეეძლება”, - აცხადებს შაგიძე.

შაგიძის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ბანკის შიდა კორპორატიული მოწყობის და კლიენტებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის საუბარია ციფრული სერვისების მიმართულებით ბანკის შეთავაზებების გაფართოებაზე.

“კულტურის თვალსაზრისით მეტი გამჭვირვალობა და ნაკლები ბიუროკრატია იქნება ამოსავალი წერტილი”, - აცხადებს შაგიძე.

MAIB-ის სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი შაგიძე CEO-ს პოსტზე 3 თებერვალს წარადგინა. მის კანდიდატურას საბოლოოდ დამტკიცებისთვის ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა ესაჭიროება.

შაგიძე ამ პოსტის დაკავებამდე "თიბისი ბანკის" ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ასევე ის "თიბისის" უზბეკეთის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 

MAIB (AGROINDBANK) არის უმსხვილესი ბანკი მოლდოვაში, მასზე ქვეყნის საბანკო აქტივების დაახლოებით 30% და სესხების დაახლოებით 35% მოდის. ბანკი მოლდოვას მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს ემსახურება და ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებელთა რიცხვს მიეკუთვნება. 2018 წლიდან, MAIB- ის უმსხვილესი აქციონერია HEIM Partners Limited, გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, Invalda INVL (აქტივების მართვის წამყვანი ჯგუფი ბალტიის ქვეყნებში) და Horizon Capital (კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ევროპის ბაზრებზე).