“გასულ წელს, მოლდოვისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყო, ვიდრე გამოწვევა”, - ასე აფასებს BMG-სთან საუბრისას მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე გასულ წელს. ბანკირის შეფასებით, წელი, რომელიც მაღალი ინფლაციით დაიწყო, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებით დასრულდა, რაც ქვეყნის უდიდესი ბანკის საქმიანობაზეც აისახა.
“2023 წელს, მართალია, იყო გამოწვევები, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, მათ შორის ინფლაციის კუთხით. თუმცა, ვფიქრობ, რომ შარშან, მოლდოვისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყო, ვიდრე გამოწვევა. თუნდაც ის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადავიდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასევე რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. აი, მონტენეგროს მაგალითს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, ამ პროცესის განმავლობაში მოლდოვას ხუთი მილიარდი ევროს რესურსზე გაუჩნდეს წვდომა.
თავად ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ოფიციალური პროცესის გარდა, მოლდოვაში დიდი წინსვლა შეინიშნება ექსპორტისა და ადამიანების ინტეგრაციის მიმართულებით. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 60-70% ევროპულ ქვეყნებზე მოდის, ხოლო 1.5 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს ევროკავშირის მოქალაქეობა აქვს.
ეკონომიკას რაც შეეხება, 2023 წელი ენერგორესურზებზე მაღალი ფასებით დაიწყო, რამაც ძალიან მაღალი ინფლაცია გამოიწვია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ფასების ზრდის ტემპი დასტაბილურდა. მოლდოვისთვის, სხვათა შორის, დამატებითი შესაძლებლობები ამ მხრივაც გამოჩნდა, რადგან მოდლოვამ ევროპიდან ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტი დაიწყო. წლის ბოლოსთვის, ინფლაცია 6%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკის ზრდა 1-1.5% იქნება. მომავალი წლისთვის, პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია - ნავარაუდევია, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან 4.5%-მდე შუალედში იქნება”, - აღნიშნავს გიორგი შაგიძე BMG-სთან საუბრისას.
მოლდოვის უმსხვილესი ბანკის გენერალური დირექტორის შეფასებით, საბანკო-საფინანსო სექტორი ქვეყნის ეკონომიკას ირეკლავს, რაც აისახება, როგორც Maib-ის საქმიანობაზე, ასევე თავად მოლდოვის ეკონომიკურ მოწყობაზე. ეკონომიკურ პარამეტრებს შორის გიორგი შაგიძე კაპიტალისა და ლიკვიდურობის ღირებულებას და საბანკო პროდუქტების დაბალ პენეტრაციას ასახელებს, რაც, მისი თქმით, Maib-ს ზრდის დიდ შესაძლებლობას აძლევს.
“საფინანსო სექტორი და მათ შორის Maib-ი - ეკონომიკის ანარეკლია. მაშინ, როცა ბანკი ძალიან დიდია და Maib-ს სესხების 40%-იანი წილი აქვს, ეკონომიკა, ცხადია, მასზე გავლენას ახდენს. ამასთან, ბანკისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრულობა, რაც მას მომავლის დაგეგმვის საშუალებას აძლევს. კაპიტალისა და ლიკვიდურობის ფასი - დამატებითი ფაქტორია. ამასთან, მნიშვნელოვანია შემოსავლების ზრდა, რაც ბანკისთვის ასევე პლუსს წარმოადგენს.
მთლიანობაში, მოლდოვის საბანკო სექტორი ძალიან მდგრადია. კაპიტალისა და ლიკვიდურობის პარამეტრებს თუ შევხედავთ, ორივე გამორჩეულია, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, დაბალია ეკონომიკაში საბანკო პროდუქტების პენეტრაცია, რაც ნიშნავს, რომ რისკები არის მისაღები, ხოლო ბაზარზე არის ზრდის კარგი შესაძლებლობა. აი, შედარებისთვის რომ გითხრათ, ეკონომიკაში სესხების წილი 22%-ს შეადგენს და თუ რეგიონის საშუალოს ავიღებთ, ის 50%-ის ფარგლებში მერყეობს - ეს ნიშნავს, რომ რისკები ადეკვატურია, ხოლო ზრდა, პრაქტიკულად, უსასრულო”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Maib-ი მოლდოვის უდიდესი ბანკია, რომელიც 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ამასთან, Maib-ი მოლდოვის სისტემურ ბანკადაც ითვლება, რადგან ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს ემსახურება და თან, უდიდესი კერძო დამსაქმებელიცაა, რომელსაც 2400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლიდან, Maib-ის უდიდესი აქციონერი საერთაშორისო კონსორციუმია, რომელიც EBRD-ის, Invalda INVL-ისა და Horizon Capital-ისგან შედგება.