18.აპრილი .2021 23:55

გიორგი თხელიძე: ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გაურკვევლობაა

გიორგი თხელიძე: ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გაურკვევლობაა
views 357
უკან

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში პანდემიის პირობებში “თიბისი ბანკის” და ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. როგორც თხელიძე აღნიშნავს, არსებულ ვითარებაში კერძო სექტორისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა კვლავ გაურკვევლობა და რეალობის სწრაფი ცვლილებაა.

“ბიზნესს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება აქვს, ეს არის სიცხადე და სტაბილურობა. როდესაც არის სიცხადე და სტაბილური გარემო, შემდგომი კითხვა უკვე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესებისთვის არის არსებულ რეალობაზე მორგება და მათი წარმატების ფორმულის აწყობა. ყველაზე დიდი გამოწვევაა, როდესაც არის გაურკვევლობა და როდესაც რეალობა იცვლება ძალიან ხშირად,”- ამბობს გიორგი თხელიძე.

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნი არ გამოცხადდება მაშინ 4%-იანი ზრდის მიღწევა რეალისტურია, თუმცა ამას ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება და მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვა ესაჭიროება.

“იმისთვის, რათა ვაქცინაციის დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, ამისთვის აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვაქცინების შემოტანა და მოქალაქეთათვის კარგად ახსნა, რომ ეს არის აუცილებელი ამ კრიზისის დასასრულებლად. მეორესმხრივ, რადგან ეს კვარტალი იქნება საკმაოდ რთული, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი თავდაცვის საშუალებებით, რომ ავირიდოთ მესამე ხანგრძლივი ჩაკეტვა, რადგან იმ პროგნოზებით და მიგნებებით, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ გავაზიარეთ, ვფიქრობთ რომ შეიძლება ეკონომიკა 4%-ით გაიზარდოს წელს. მაგრამ ეს პროგნოზი დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ აღარ გვექნება ლოქდაუნი. ამიტომ, ადაპტაცია, თავდაცვა და სწრაფი ვაქცინაცია - ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს გიორგი თხელიძე.

თავად “თიბისი ბანკის” შედეგებზე საუბრისას კი გიორგი თხელიძე ამბობს, რომ პანდემიური წლის მიუხედავად ბანკის უმოქმედო სესხების (NPL) მოცულობა მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ის 4.7%-ს შეადგენს, რაც მათ მიერ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის და ჩატარებული რესტრუქტურიზაციების დამსახურებაა.

გიორგი თხელიძე "Forbes-ის კვირაში"