16.აპრილი .2021 19:41

გიორგი ვაშაძე 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს

გიორგი ვაშაძე 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს
views 11068
უკან

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიტპოვალუტაში ინვესტიცია წარმატებით განახორციელა - ამის შესახებ პოლიტიკოსის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. 2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა, რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს - ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში $18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან $5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

ბიტკოინი - დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

ეთერიუმი - დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

თავად გიორგი ვაშაძეს ბლოკჩეინის შესახებ წარსულში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ის პირველი "კრიტპოქალაქის” შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა:

“პირველი ბლოკჩეინ ქალაქი არის პროექტი, რომელიც ნიშნავს ერთი მხრივ ქალაქის გაშენებას, მაგრამ მისი აქციები იქნება კრიპტობირჟაზე გამოტანილი, თბილისის თითოეული მცხოვრებელი მიიღებს თითო აქციას, რომლის ფასის ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს მიიღებენ ამ აქციის მფლობელები. მთავარი ღირებულება ამ პროექტის არის ის, რომ ამით ჩვენ შევძლებთ, სწრაფად ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას. კრიპტობირჟა არის დღეს ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება”, - 2017 წელს განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2017 წელს გამართულ კონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ საქართველოს მთავრობას საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის ინოვაციური სისტემის ფართოდ დანერგვისკენ მოუწოდა. 2018 წელს კი ვაშაძემ ჩიკაგოში გამართულ ბლოკჩეინ კონგრესშიც მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა