ზუსტად ერთი თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ბიტკოინის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა, რითაც ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე კრიპტოაქტივების გამოჩენას აუნთო მწვანე შუქი.
ამ ეტაპზე დამტკიცებულია 11 განსხვავებული სავაჭრო ფონდი და მათ გამომშვებ კომპანიებს შორის არიან: BlackRock, Fidelity, Ark Invest, Valkyrie და Grayscale.
როგორც კომისიის ხელმძღვანელი, გარი გენსლერი აღნიშნავს, SEC-მა ETF-ების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, რაც საზოგადოების მაღალი ინტერესით იყო განპირობებული.
ამ პოზიტიური ამბის გავრცელების შემდეგ, საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლის ტენდენცია დაიწყო. ბიტკოინის ფასი 49,000 დოლარამდე გაიზარდა, ეთერიუმის ღირებულებამ კი 2,700 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმი იყო.
ETF-ების დამტკიცების პერიოდში, ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აღმასვლის ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდებოდა და რამდენიმე კვირაში ბიტკოინის ფასი თავის ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდებოდა, თუმცა რეალურად საპირისპირო ვითარება ვიხილეთ.
ამჟამად ბიტკოინის ფასი 43,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ეთერიუმის ფასი კი 2,300 დოლარია, რაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რომელიც ETF-ის დამტკიცებამდე ფიქსირდებოდა.
თუკი მხოლოდ საბაზრო დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ETF-ის დამტკიცებას კრიპტობირჟაზე მინიმალური გავლენა ჰქონდა, რადგან ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ითქვას, ETF-ის დამტკიცება კრიპტოინდუსტრიისთვის უდიდესი გამარჯვება იყო, რადგან ამ მოვლენამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ბიტკოინი ისეთივე საინვესტიციო აქტივია, როგორიც ოქრო ან სახაზინო ობლიგაციაა და ისიც ისევე იმსახურებს საფონდო ბირჟაზე ყოფნას, როგორც სხვა ნებისმიერი საინვესტიციო ინსტრუმენტი.