მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გჯერათ თუ - არა, ავიაემბარგოს დაწესებაც და მოხსნაც ცალმხრივი გადაწყვეტილებაა - ლაშა ხუციშვილი

645c90577dc87
თამთა ჯიჯავაძე
11.05.23 10:57
626
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს იყო ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება. "გჯერათ თუ არ გჯერათ, ეს ასეა - ავიაემბარგოს დაწესებაც და მოხსნაც ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა მინისტრმა.  

მისივე თქმით, საერთაშორისო რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ არის და არც იქნება. ფინანსთა მინისტრის თქმითვე, პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტის და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ და ვერ იფუნქციონირებენ.

„იცით, რომ ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ჩაკეტვასთან მიმართებით, ასევე გახსნასთან მიმართულებით. მე რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტის და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები რეალურად აქტივობას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ განახორციელებენ, შესაბამისად, გარკვეულწილად იმ შეშფოთებას, რომელიც იქნა გამოთქმული, ვფიქრობ, არ აქვს საფუძველი, ვინაიდან საერთაშორისო დონეზე დაწესებული კონკრეტული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც მიმდინარე შესრულების პროცესშია და არც მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის შეკითხვის საპასუხოდ.

მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია აქვთ, თუ როგორ ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, ამიტომ პარტნიორებს არ აქვთ კითხვა, არც ფინანსური და არც სავაჭრო მიმართულებით სანქციების აღსრულებაზე.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. როგორც ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე ამბობს, ახლა საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მისცემს თუ არა საშუალებას რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში იფრინონ. თავის მხრივ, რუსული საავიაციო სექტორი ომის დაწყებისთანავე დასანქცირდა. რუსეთს საჰაერო სივრცე ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა სრულად ჩაუკეტა, რის გამოც რუსული ავიაკომპანიები წელიწადზე მეტია ევროკავშირში ფრენებზე ვეღარ ასრულებენ.