14.იანვარი .2020 18:30

"გოდერძიმდე" გზის რეაბილიტაცია შეჩერებულია-სეზონი გაიხსნა, კურორტი ტურისტების მოლოდინშია

views 533
უკან

დღეიდან კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა, მაგრამ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით იქ არანაირი აქტივობა დაგეგმილი არ ყოფილა. კურორტზე დღეს არც აჭარის მთავრობის მეთაური და არც აჭარის ეკონომიკის მინისტრი არ ასულა, არც - ადგილობრივი მთავრობის სხვა წევრები.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გოდერძის კურორტზე აქტივობა არც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და არც მთის კურორტების განვითარების კომპანიას ჰქონდა დაგეგმილი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მოკლე facebook-პოსტით შემოიფარგლა, რომელიც გოდერძის ოფიციალური გვერდიდან გადააზიარა.

„აქამდე საბაგიეროებს ჰქონდა სატრანსპორტო ფუნქცია. 14 იანვრიდან კი, სათხილამურო გზებიც გაიხსნება. სრიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 16 საათამდე, შაბათ-კვირას კი - 10-დან დან 17 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - ეწერა facebook-გვერდზე.

როგორც Bm.ge-მ ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის შედეგად გაარკვია, წელს გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურ პირებს ოფიციალურად, ფაქტობრივად, არ გაუხსნიათ. კონკრეტული და არგუმენტირებლი განმარტებები ვერ მივიღეთ. არადა, სხვა ზამთრის კურორტებისგან განსხვავებით, გოდერძი შედარებით ახალია და მისი ცნობადობის ასამაღლებლად და კურორტის პოპულარიზაციისთვის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია.

ბოლო ღონისძიება გოდერძიზე გასული წლის ბოლოს, 28 დეკემბერს გაიმართა. მაშინ კურორტზე საკმარისი თოვლიც არ იყო და თან მთავარი ამბავი გოდერძიზე პირველად გაზის ანთების ღონისძიება იყო, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარი დაჯდა.
მართალია, გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციციალური გახსნის ღონისძიება არ გამართულა, მაგრამ როგორც აჭარის მთავრობაში ამბობენ, კურორტი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. წელს ადგილზე გაიხსნა „გოდერძი ლაუნჯი“, სათხილამურო აკადემია, სათხილამურო მაღაზია, რესტორანი, კაფე. ასევე, გოდერძიზე არსებულ 6 კოტეჯს და სასტუმროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჯამში, 63 ნომერი მოეწყო.

რაც შეეხება საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, წელს გოდერძის უკვე გაზი აქვს, წყალმომარაგების პრობლემაზე, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ კურორტამდე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია წლევანდელ სეზონზეც ვერ მოხერხდა.

„ხულო-ზარზმის გზის მოდერნიზაციის პროექტზე არის სუსტი პროგრესი, კომპანიისთვის დეპარტამენტის მხრიდან გაფრთხილება მიცემულია და უნდა გამოასწოროს სამუშაოების ტემპი“, - ასე უპასუხეს bm.ge-ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრქურის სამინისტროში შესაბამისი კითხვის პასუხად.

შეგახსენებთ: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

სამინისტროში bm.ge-ის უთხრეს, რომ სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო. გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო დამკვეთისთვის არ წარუდგენია. ამ კომპანიას სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

2019 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროექტთან დაკაშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძეე ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას, კონტრაქტორი კომპანიის (იგულისხმება ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“) „გამოწვევებით“ ხსნის. მისივე თქმით, ავტონომიის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაჩქარდეს.

“ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ტურისტების შენიშვნები მიღებულია. მერწმუნეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ კონკრეტული ქმედებები არ განგვეხორციელებინა ამ პროექტთან მიმართებაში. შევძელით ის, რომ ზაფხულში კონტრაქტორმა დაიწყო მობილიზება. კონტრაქტორს გააჩნია რიგი გამოწვევები, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ ეს პროგრესი იყოს ხელშესახები და დავასრულოთ იმ ვადებში, რაც იყო კონტრაქტით გათვალისწინებული, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ისე ოპერატიულად ვერ წყდება, როგორც ვისურვებდით”, - აცხადებდა დეკემბერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა