მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის ბიუჯეტი გაიზარდა - „ვვარაუდობთ, რომ წელს ბიუჯეტი ₾100 მილიონს გადაჭარბებს“

62d577774294e
ნინო ჩიბჩიური
18.07.22 19:30
1058
გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 6 თვეში 28 მლნ-ით, 81 282 200 ლარამდე გაიზარდა. ბოლო ცვლილება ფინანსურ დოკუმენტში ივლისში შევიდა, როცა ბიუჯეტის 2.2 მლნ ლარით გაზრდა განისაზღვრა. როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, აქედან 1 420 226 ლარი ადგილობრივი რესურსია, 860 224 ათასი კი - ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები.

საკრებულოს თავმჯდომარე წლის დასაწყისში დამტკიცებულ ₾53-მილიონიან ბიუჯეტში ცვლილებების რამდენჯერმე შეტანას როგორც ადგილობრივი შემოსავლების ზრდით, ისე ცენტრალური მთავრობიდან მიღებული ფინანსური სახსრებით ხსნის.
ამასთან, დავით რაზმაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ₾100 მლნ-ს გადაჭარბებს.

კერძოდ, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების წყაროს სტრუქტურა ასეთია:

1. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის №926 განკარგულება „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ – 682 584 ლარი;
2. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 იანვრის №51 განკარგულება - ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ - 177 640.65 ლარი;
3. ჯარიმები, სანქციები და საურავები - 100 000 ლარი;
4. სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 80 226 ლარი;
5. არაფინანსური აქტივების კლება (პრივატიზაცია) - 540 000 ლარი.

„წელს უკვე 3-ჯერ მოგვიწია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. ამის საშუალება ადგილობრივი შემოსავლების მატების გამოც მოგვეცა; რაც შეეხება საჭიროებას, იცით, რომ პროქეტების ნაწილი უკვე შესყიდულია, ტენდერები გამოცხადებულია, მაგრამ ზოგჯერ წარმოშობილი სიტუაციებიდან გამომდინარე, გარკვეული თანხების დამატება ხდება საჭირო. იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სოციალური მიმართულება, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას გულისხმობს. 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა როგორც ტრანსფერების, ისე ადგილობრივი შემოსავლების მატების ხარჯზე. სერიოზული რეზერვი რომ გაჩნდება, შეიძლება კიდევ ახალი პროექტებიც დაფინანსდეს“, - განმარტა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ bm.ge-სთან საუბრისას.

უფრო კონკრეტულად, პროექტების მიხედვით, რაში დაიხარჯება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიღებული თანხები, მოცემულია ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში:

საგანგებო და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები (35 000 ლარი);
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში შიდა გზებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა (702 810 ლარი);
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაწყობი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შეძენა (100 000 ლარი);
სოფელ მეღვრეკისში მინი მოედნის მოწყობა ( 75 000 ლარი);
წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა (200 000 ლარი)ლ
სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის რეაბილიტაცია (31 000 ლარი);
კეთილმოწყობის ღონისძიებების სუბსიდია (120 000 ლარი);
დასუფთავება და ნარჩენების გატანა - სუბსიდია (180 000 ლარი);
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა - სუბსიდია (500 000 ლარი);
სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა და თანადაფინანსება - სუბსიდია (2 000 ლარი);
საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა (177 640 ლარი);
სპორტის განვითარების სააგენტოს ფუნქციონირების ხელშეწყობა (100 000 ლარი);
კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა და თანადაფინანსება - სუბსიდია (4 000 ლარი);
ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - სუბსიდია - 9 700 ლარი;
საკულტო ნაგებობის რეაბილიტაციის თანადაფინანსება (280 000ლარი);
დედ-მამით ობოლი ბავშვების და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები (- სოციალური უზრუნველყოფა - 5 000 ლარი);
სოციალური პროექტების თანადაფინანსება - სუბსიდია ( 20 000 ლარი).

ცნობისთვის: 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 68 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები