მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1,5 მლნ-ის უძრავი ქონება მერიის ბალანსზე - გორის მთავრობა 3 წელია „ქართუს“ დაპირების შესრულებას ელოდება

646b30e4f2da3
ნინო ჩიბჩიური
22.05.23 13:26
1399
გორში, ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორია მესამე წელია შემოღობილი და უფუნქციოა. საუბარია 1 მლნ 550 ათასი ლარის ღირებულების 21 813 კვადრატული მეტრის ფართობზე, რომელიც 2020 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით "ფონდმა ქართუმ" აუქციონის წესით შეისყიდა და ჩუქების ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიტეტს გადასცა.

დაპირების თანახმად, “ფონდი ქართუ” ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას დააფინანსებდა. კონკრეტულად კი უახლოეს პერიოდში მოეწყობოდა მედიათეკა, შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, ტბა, ველობილიკი, ფანჩატური და ა.შ. თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა.

Bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა ეს დაპირება და თუ ეს საკითხი აღარ განიხილება, რას აპირებს მისი ახალი მესაკუთრე - გორის მუნიციპალიტეტი. ფონდი ქართუ წერილობით შეკითხვებს არ პასუხობს, გორის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე დაპირებულ მხარდაჭერას ელოდებიან.

“ამ ტერიტორიის მოწყობას „ქართუ“ იყო შეპირებული, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ისმის მათგან”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნული დაპირების შესრულება, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით გაჩერდა, თავად მუნიციპალიტეტისთვის კი მათივე თქმით, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო თანხები, მისი მოცულობის გამო, ხელმიუწვდომელია.

საჯარო სექტორის აუდიტორი და ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი აღნიშნულ შემთხვევას შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებას უწოდებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ამ ტერიტორიაზე მინიმუმ სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება შეუძლია.

„აღნიშნული ტერიტორიის თემამ წინასაარჩევნოდ ნამდვილად იმუშავა, მაგრამ ახლა ის აღტაცებული ამომრჩეველი არაფერს აპროტესტებს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, თუ ადრე, მათი თქმით, კერძო საკუთრებაში ვერ "იჭრებოდნენ", ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ ამ ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება მაინც. ამ ტერიტორიის დატვირთვა დროებით შეიძლებოდა ისევ ყბადაღებული გარე ვაჭრობით შესაბამისი სახელშეკრულებო პირობებით. მათგან ამოღებული მოსაკრებელი კი ისევ ტერიტორიის დასუფთავებას მოხმარდებოდა“,-ამბობს თამარ ედიშერაშვილი.
წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, ხელიდან ხელში ისე გადადიოდა, რომ არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. ახლა ის მუნიციპალური საკუთრებაა, თუმცა მისი განვითარებისა და ეკონომიკური დატვირთვის კუთხით, მერიაში ამ დრომდე არანაირი გეგმა არ მოიპოვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები