მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე: უტოპიაა, ინტერვენციებით ებრძოლო ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ ფაქტორებს

6064694a389f3
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.21 16:20
1610
“ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ეს ვერ შეცვლის იმას, რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები. ეს ასეა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მოცულობის - $916 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორცეილა, წელს კი დამატებით 4 ინტერვენციით $160 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ-სესიაზე განაცხადა, რომ სებ-ი ინტერვენციების განხორციელების დროს შემდეგ კრიტერიუმებს იყენებს:

1) თუკი ბაზარზე უცხოური ვალუტის დაბალი ლიკვიდობის გამო ადგილი აქვს კურსის მაღალ მერყეობას ხორციელდება ინტერვენცია;
2) თუკი ცნობილია ერთჯერადი გარიგების შესახებ, რასაც გაცვლით კურსზე აქვს გავლენა სებ-ი ახორციელებს ინტერვენციებს.

ამ ორივე ფაქტორს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “არაფუნდამენტურ ფაქტორებს” უწოდებს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ სებ-ი ვერ განახორციელებს ინტერვენციებს ისეთი ფუნდამენტური ფაქტორების ეფექტის შესარბილებლად, როგორიცაა ტურიზმის შემოსავლების კლება, ექსპორტის კლება თუ სხვა ფაქტორები. ამ ფაქტორების წინააღმდეგ სავალუტო რეზერვებით ბრძოლას კობა გვენეტაძე “აბსოლუტურ უტოპიას” უწოდებს.

“ჩვენ გასულ წელს უპრეცედენტოდ დიდი $916 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები მივაშველეთ ბაზარს, მაგრამ ეს არამც და არამც არ ყოფილა იქითკენ მიმართული, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რომლის აცილებაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად შეუძლებელი იყო შეგვეჩერებინა, ან კურსი გაგვემყარებინა - ეს აბსოლუტურად უტოპიაა და ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ბაზარს მივაწოდეთ რეზერვები, რათა მას გამართულად ემუშავა

სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას კურსის რაიმე მიზნობრივი ნიშნული არ აქვს და ვერც ექნება. სავალუტო ინტერვენციებს მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციაა ან კიდევ კურსი დაბალი ლიკვიდობის გამო ჭარბად მერყეობს სავალუტო ბაზარზე. შესაბამისად, არაფუნდამენტური ფაქტორების მოქმედების დროს ვახდენთ ინტერვენციებს.

გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები დავხარჯეთ და ჩვენ ამ წელსაც დავხარჯავთ. იმ დღეებშიც ვხარჯავთ, როდესაც არ ქვეყნდება ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, რადგან გვაქვს შესაბამისი მექანიზმი. ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორგამად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება,”- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.