მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების 20-25 მლნ ლარის დავალიანება აქვთ“ - რას სთხოვს ბიზნესი მთავრობას?

5f996a3422bc8
ელენე გოგბერაშვილი
28.10.20 17:10
1123
ჰორეკა სექტორს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ საშუალოდ 20-25 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. ამოუღებელი ათეულობით მილიონი ლარის გამო კი მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს საბრუნავი კაპიტალი აღარ დარჩათ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებას სექტორი გაგებით ეკიდება, თუმცა მთავრობის დახმარების მხოლოდ ტურიზმის სექტორზე გავრცელება არასწორად მიაჩნიათ. ივა ჭყონია ამბობს, რომ სადისტრიბუციო ბიზნესს სჭირდება საგადასახადო შეღავათები იმისთვის, რომ სექტორმა ლიკვიდობის შენარჩუნება შეძლოს.

"აქ ათობით მილიონ ჩალექილ თანხებზეა საუბარი, რომლის ამოღებაც ფაქტიურად წარმოუდგენელია. ეს რას ნიშნავს და რა პრობლემის წინაშე დგება მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია? საბრუნავ კაპიტალში უჩნდებათ დეფიციტი და შემდეგ  უჭირთ ვალდებულებების გასტუმრება, რომლის წინაშეც დგანან ერთი მხრივ, მომწოდებელ კომპანიასთან, მეორე მხრივ, ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიასთან.

გვესმის და გაგებით ვეკიდებით ჰორეკა სექტორის პრობლემებს, 90% გაჩერებულია, ვერ მოთხოვ, აზრიც არ აქვს, თუმცა შესაბამისი პრობლემით მივმართავთ სახელმწიფოს. სადისტრიბუციო სექტორი პირდაპირ არის მიბმული ჰორეკაზე, ტურიზმზე და შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ, რომ დახმარება სჭირდებათ შესაბამის სექტორებს, არაფრით არ განვსხვავდებით. მათი საქმიანობის აღდგენა ჩვენს გარეშე მომავალშიც წარმოუდგენელია. ვითხოვთ, გადასახადების დროებით მოხსნას, თუნდაც, საშემოსავლოს კუთხით იმ შეღავათს, რაც აქამდე გვქონდა.

მესმის, რომ დღგ-ს შეღავათი არ განიხილება, თუმცა სადისტრიბუციო ბიზნესს რომ გაეზარდოს ლიკვიდურობა, მნიშვნელოვანია დღგ მიბმული იყოს პროდუქციის რეალიზაციაზე ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმპორტისას დღგ-ს გადახდა მოხდეს 30 დღის შემდეგ, რაც აქამდე იყო პრაქტიკაში“- აცხადებს ივა ჭყონია.

გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა სადისტრიბუციო ბიზნესში შექმნილ კრიზისულ ვითარებას, ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობა კერძო სექტორის მოთხოვნას საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების შესახებ.