25.იანვარი .2021 12:35

საქართველოში Hyatt Centric-ი შემოდის

საქართველოში Hyatt Centric-ი შემოდის
views 2086
უკან

„ჰაიატი“ საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალიანს ჯგუფი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ ეს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის საქართველოში შემოსვლის პირველი შემთხვევაა. კომპანია „ჰაიატმა" შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჰაიატმა“ დღეს გამოაქვეყნა განცხადება.

ხელშეკრულება ბათუმში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიან სასტუმროში, რომლის გახსნაც 2025 წლისთვის იგეგმება, განთავსებული იქნება 14 ლუქსი, რესტორანი, ლობი-ბარი, ფიტნეს-ცენტრი და სპა, ასევე 550 კვ.მ. ფართობის საღონისძიებო სივრცე. Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს მისი მეცხრე ობიექტი იქნება.

Hyatt Centric Boulevard Batumi განთავსდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის - რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადაც ის შავი ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. სტუმრებისთვის ფეხით სასიარულო მანძილზე ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი თავისი უნიკალური არქიტექტურით. სასტუმრო განთავსდება მრავალფუნქციურ კომპლექსში „ალიანს ცენტროპოლისი“, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და სავაჭრო სივრცეებს და ბათუმის „მსოფლიო სავაჭრო ცენტრს“.

„ჩვენი მიზანია, „ჰაიატის“ ბრენდის განვითარება იმ ლოკაციებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის, ჩვენი ლოიალობის პროგრამის წევრებისთვის, მომხმარებლებისთვის და მფლობელებისთვის. შპს "ალიანს სიტისთან" თანამშრომლობით, Hyatt Centric-ის ბრენდი შემოგვყავს პოპულარულ ზღვისპირა კურორტ ბათუმში. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის მასშტაბით „ჰაიატის“ ბრენდის გაფართოებას. ბათუმი არის მიმზიდველი ტურისტული ადგილი უნიკალური კულტურით. ჩვენ აქ ველით საზრიან მოგზაურებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ქალაქის აღმოჩენით“, - განაცხადა „ჰაიატის“ ევროპისა და აფრიკის რეგიონებში განვითარების ვიცე პრეზიდენტმა ტაკუია აოიამამ.

„მოხარული ვართ, რომ „ჰაიატთან“ ერთად ვიმუშავებთ ამ პროექტზე და Hyatt Centric-ის ბრენდის კულტურას ვნერგავთ ბათუმში. Hyatt Centric ნიშნავს თავგადასავალს და მოქმედების ცენტრში ყოფნას, რაც მას შესანიშნავ ახალ აქტივად აქცევს ჩვენს არსებულ და მუდმივად მზარდ პორტფელში“, - განაცხადა „ალიანს სიტის“ გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბათუმი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია. 2019 და 2020 წლებში ის World Travel Awards-ის მიერ ევროპის წამყვან, მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. შესაბამისად, „ჰაიატისთვის“ ბათუმი იდეალური ადგილია თავისი მზარდი ბრენდის, Hyatt Centric-ის შემოსაყვანად.

Hyatt Centric Boulevard Batumi - Hyatt Centric-ის ევროპულ სიას შეუართდა, რომელშიც შედიან: Hyatt Centric La Rosiere, Hyatt Centric The Liberties Dublin, Hyatt Centric Levent Istanbul, Hyatt Centric Gran Via Madrid, Hyatt Centric Milan Centrale და Hyatt Centric Murano Venice, ისევე როგორც Hyatt Centric Cambridge, რომელიც 2021 წელს გაიხსნება, და Hyatt Centric Reykjavík, რომლის დასრულებაც 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდის ელეგანტური სასტუმროები მდებარეობს პრესტიჟულ ლოკაციებში. აღნიშნული ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს მოვლენების ცენტრში. ობიექტების გააზრებული დიზაინი ხელს უწყობს ადგილების დათვალიერებასა და აღმოჩენას, რათა სტუმარმა არ გამოტოვოს თავგადასავლის არც ერთი მომენტი. თითოეულ სასტუმროს გააჩნია საზოგადოებრივი სივრცეები ლობიში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ხოლო სასტუმროს ბარსა და რესტორანში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და საფირმო კოქტეილები. თანამედროვე ნომრები მოიცავს მხოლოდ იმას, რაც სასურველია სტუმრებისთვის. სასტუმროს პროფესიონალთა გუნდი კი თქვენ გაგიზიარებთ საკუთარ ექსპერტულ ცოდნას ადგილობრივი სამზარეულოს, ღამის ცხოვრებისა და ღონისძიებების შესახებ.

ცნობისთვის: "ალიანს ჯგუფის“ მისია ინოვაციური პროდუქტების შექმნა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაა, რაც რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ზრდის. დეველოპერული ბიზნესისადმი თავისი რევოლუციური მიდგომით, კომპანია ქალაქებში ახალ ღირსშესანიშნაობებს და გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, და 1,400,000-ზე მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი. ეს მიუთითებს იმ უზარმაზარ გამოცდილებაზე, რომელიც კომპანიამ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თავისი 15-წლიანი მოღვაწეობის შედეგად მოიპოვა.

Hyatt Hotels Corporation - სასტუმროების წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომელიც პრემიუმ კატეგორიის 20 ბრენდს აერთიანებს. 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის პორტფელი მოიცავს 950-ზე მეტ სასტუმროსა და ველნესის ობიექტს მსოფლიოს 67 ქვეყანაში.