მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტიდან $821 მლნ მიიღო - რას ვყიდით და სად?

607d3ae2ee2a5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 12:47
1661

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ბრუნვა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 2 მლრდ 773 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, იანვარ-მარტში ექსპორტი 5.2%-ით 820.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა და 1.952 მლრდ დოლარი შეადგინა.

2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% დაიკავა. ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით სხვადასხვა დასახელების საქონელი ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გასული პანდემიური წლის დასაწყისთან შედარებით, ექსპორტი უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ყველაზე მეტად აშშ-ში, თურქეთსა და უკრაინაში გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანში, ბულგარეთში, სომხეთსა და შევიცარიაში შემცირდა.

2021 წლის პირველ კვარტალის TOP-10 საექსპორტო მიმართულება ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 109.7 მლნ დოლარი, ზრდა - 5.2%-ია;
2. რუსეთი - 109.4 მლნ დოლარი, ზრდა - 16.4%;
3. აზერბაიჯანი - 104.5 მლნ დოლარი, კლება - 16.4%;
4. თურქეთი - 75.6 მლნ დოლარი, ზრდა - 40.1%;
5. უკრაინა - 66. 3 მლნ დოლარი, ზრდა - 22.7%;
6. ბულგარეთი - 59.5 მლნ დოლარი, კლება - 28.7%;
7. სომხეთი - 37.4 მლნ დოლარი, კლება - 18.6%;
8. აშშ - 30.4 მლნ დოლარი, ზრდა - 61.8%;
9. ესპანეთი - 19.0 მლნ დოლარი, ზრდა - 13.3%;
10. შვეიცარია - 17.0 მლნ დოლარი, კლება - 19.5%.

დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი 191.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მარტის თვესთან შედარებით 9.5%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს, ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 10.5%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს 10.2%-იანი წილით. TOP-10 ექსპორტირებულ პროდუქტს შორის ყველაზე დიდი ზრდა თხილისა და სხვა კაკლის, დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და ფეროშენადნობების ექსპორტზე მოდის.

რა გაყიდა საქართველომ? - საექსპორტო ტოპ-ათეული 

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 158.8 მლნ დოლარი, კლება 0.8%;
2. მსუბუქი ავტომობილები - 86.5 მლნ დოლარი, კლება - 35.1%;
3. ფეროშენადნობები - 83.6 მლნ დოლარი, ზრდა - 43.7%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 43.9 მლნ დოლარი, კლება - 0.7%;
5. სპირტიანი სასმელები - 29.8 მლნ დოლარი, ზრდა - 26.6%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 29.3 მლნ დოლარი, ზრდა - 11.1%;
7. აზოტოვანი სასუქები - 28.7 მლნ დოლარი, კლება - 5.6%;
8. თხილი და სხვა კაკალი - 24.5 მლნ დოლარი, ზრდა - 112.8%;
9. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 19.0 მლნ დოლარი, ზრდა - 56.3%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 15.5 მლნ დოლარი, ზრდა - 36.1%.

სხვა საქონლის ექსპორტმა 300.6 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი 12%-ით გაიზარდა.