მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საგანგებო მდგომარეობისას 20 კაცზე სარესტორნო ხარჯი გასწია

60d97adae9b4a
BM.GE
28.06.21 11:50
950
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებში 2020 წელს გაწეულ სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს ასახავს. 2020 წელს მათ მიერ შესწავლილ უწყებებში წარმომადგენლობითი ხარჯები ოთხჯერ შემცირდა და 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. წარმომადგენლობითი ხარჯები აერთიანებს სარესტორნო და სასაჩუქრე ხარჯებსაც. კვლევის თანახმად, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც გასულ წელს საგანგებო მდგომარეობის დროს კონკრეტულმა საჯარო უწყებამ სარესტორნო ხარჯი გასწია.

“სარესტორნო ხარჯების თვალსაზრისით, გამოირჩევა ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელმაც 2020 წლის პირველ 6 თვეში, ჯამში, 12,592 ლარამდე ხარჯი გასწია ამ მიმართულებით. 19 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი ქართული ღვინის ტურის ფარგლებში, სტუმრად მოწვეული მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრებს (17 ადამიანი) სააგენტო გაუმასპინძლდა რამდენიმე რესტორანში, მათ შორის შპს „ქეთო და კოტეში“, შპს „ბარბარესთან“, და სს „შატო მუხრანი“, რაც საერთო ჯამში 7,000 ლარამდე დაჯდა. 15 მაისს, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სააგენტო გაუმასპინძლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობას და ღვინის ასოციაციების წარმომადგენლებს (20 ადამიანი), შპს „დეკორეტოში“ 853 ლარად. ხოლო 6 აგვისტოს, 2020 წლის რთველის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდა შპს „კაპილონში“, რაც 4,800 ლარამდე დაჯდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მოქმედებდა საჯარო სივრცეში თავშეყრის გარკვეული შეზღუდვები. გარდა სარესტორნო ხარჯებისა, უწყებას ასევე დახარჯული აქვს 19,296 ლარი სასტუმროს (ღამის თევის) მომსახურების შესყიდვაზე,”- ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში bm.ge-ს განუმარტეს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში “სარესტორნე ხარჯი”. მათი თქმით, გასული წლის 15 მაისს მორიგი შეხვედრა გაიმართა ღვინის კომპანიის წარმომადგენლებთან, რა დროსაც გაიმართა ე.წ. ყავის შესვენება და აღნიშნული ხარჯიც სწორედ ამაზე გასწიეს.

“შეხვედრა გაიმართა ღია ცის ქვეშ და რეგულაციების დაცვით”,- აცხადებენ სააგენტოში და განმარტავენ, რომ შესყიდვების სისტემაში მსგავსი ტიპის დაკვეთა არის “სარესტორნე მომსახურების” კოდით.