მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ აშშ-ში ფულის გათეთრების საქმე მიმდინარეობს

5ec5426f644d5
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 20:00
2259
იგორ კოლომოისკი უკრაინის მეექვსე უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის 2020 წლის რეიტინგით მისი ქონება $1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. როგორც BuzzFeed-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კოლომოისკის მიერ აშშ-ში განხორციელებული მრავალმილიონიანი ტრანზაქციები გამოძიების საგანს წარმოადგენს. 

კოლომოისკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა.

2016-ში კი ფულის გათეთრების სქემის გამოვლენის საბაბით, მთავრობამ მასში სპეციალური მართვა დააწესა და ბანკის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ პერიოდისთვის კოლომოისკისა და პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთიერთობა უკვე დაძაბული იყო, მას 2015 წლის მარტში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება მოუწია. 2019 წლის მაისამდე კოლომოისკი შვეიცარიაში ცხოვრობდა, ვოლოდომირ ზელენსკის არჩევის შემდეგ კი, უკრაინაში დაბრუნდა. 

აშშ-ში მილიარდერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძოება ოჰაიოს შტატში, კერძოდ კი, ქალაქ კლივლენდში უძრავი ქონების და მეტალურგიული საწარმოების შეძენისთვის განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება. Buzzfeed-ის ინფორმაციით, ფინანსური მაქინაციების შედეგად, 2008 წელს კოლომოისკიმ კლივლენდის ცენტრში მდებარე ცათამბჯენები შეიძინა. თანხები კვიპროსსა და სხვა ოფშორულ ზონებში დაფუძნებული არარსებული კომპანიების მეშვეობით იყო გადახდილი, მათი წარმომავლობა კი, სინამდვილეში PrivatBank-იდან აღებული სესხები იყო, რომელთა გასტუმრებისთვისაც, მილიარდერი ამავე ბანკიდან ახალ სესხებს იღებდა. 

Buzzfeed-ის ინფორმაციით, საუბარია ჯამში $622.8 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციებზე, რომლებიც ამერიკელი სამართალდამცავების შეფასებით კანონდარღვევით განხორციელდა. თანხის ნაწილი ასევე მიიმართა აშშ-ში ფერომანგანუმის მწარმოებლების შესაძენად, რომელებიც ჯამურად, აშშ-ის მეტალურგიული ინდუსტრიისთვის მანგანუმის მნიშვნელოვან მიმწოდებლებს წარმოადგენდნენ.