მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Укрнафта-ს საქმესთან დაკავშირებით იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს

63da58fd11b67
BM.GE
01.02.23 16:28
717
Ukrnafta-ს გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით უკრაინელმა სამართალდამცავებმა ოლიგარქ, იგორ კოლომოისკის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ჩხრეკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ განახორციელეს. 

საქმე ეხება 40 მლრდ გრივნის ღირებულების ნავთობპროდუქტების არამიზნობრივ განკარგვას და საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდებას კომპანიებში «Укртатнафта» და «Укрнафта».

2022 წლის ოქტომბერში კოლომოისკი უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაკითხა, ხოლო სექტემბერში მისი სახლის ჩხრეკა განხორციელდა. ამავე საქმესთან დაკავშირებით, გასული წლის სექტემბერში უკრაინის პროკურატურამ  კომპანიების 6 ყოფილ თანამდებობის პირს ბრალი წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ კოლომოისკი აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მისი სანქცირება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, უკრაინის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ის მეექვსე ადგილს იკავებდა.

კოლომოისკი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ბიზნესმენმა საკუთარი ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა. 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების მრავალწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და მისი ნაციონალიზაცია მოახდინა.

2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის გენადი ბოგოლიუბოვის საკუთრებაში არსებული $2.5 მილიარდის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება გამოსცა. ამ პროცესების პარალელურად, მილიარდერმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.

იგორ კოლომოისკის ქონების ნაწილი საქართველოშია. მათ შორის ყველაზე მსხვილი აქტივებია "ჯორჯიან მანგანეზი", "ვარციხეჰესი". წარსულში ბიზნესმენი ასევე კომერციულ ბანკ "ტაოპრივატბანკსაც" ფლობდა, რომელიც 2014 წელს 92 მილიონ ლარად "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. 

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს - ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

კომპანიის საქმიანობა საქართველოში 2006 წელს დაიწყო. 2006 წლის 11 ნოემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონზე, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა “ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ვარციხეჰესის კასკადის მფლობელი გახდა.

ამ დროს კომპანიის მფლობელი ბრიტანული სტემკორი იყო. მალევე, სტემკორმა აღნიშნული ბიზნესი კოლომოისკის “პრივატ ჯგუფს” მიჰყიდა.

იურიდიულად, “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელს ლუქსემბურგში დაფუძნებული ”ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი” (GAA) წარმოადგენს. თავად GAA-ის ლუქსემბურგის ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის შვილობილია.

2016 წელს კომპანიას უპრეცედენტო მასშტაბის - 400 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმები დაეკისრა, რომელთა მიზეზიც გარემოსდაცვითი პირობების უგულვებელყოფა იყო. 2017 წლიდან სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მიყენებული ზიანის აღდენისთვის კომპანიაში სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა. სასამართლოს განჩინების შედეგად, მას 3-წლიანი ვადა მიეცა, რათა სხვადასხვა მიმართულებით არსებული დარღვევები გამოსწორებულიყო. ამ გადაწყვეტილებით, იგორ კოლომოისკი ჯგუფის ფაქტობრივ მართვას ჩამოშორდა, თუმცა მის მესაკუთრედ დარჩა. 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ხელახალი განჩინება და კომპანიის სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს უფლებამოსულების ვადა 2023 წლის მაისამდე გაუხანგრძლივდა.
 
2021 წლის განმავლობაში საქართველოდან $460 მილიონის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. ამ თანხის ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, “ჯორჯიან მანგანეზზე” მოდის, თუმცა ზუსტი რიცხვები საჯაროდ ცნობილი არაა, რადგანაც კომპანია საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებას არ ასაჯაროებს. ასევე, უცნობია, როგორია გადანაწილება იგორ კოლომოისკის და “ჯორჯიან მანგანეზის” ფაქტობრივ მენეჯმენტს შორის.

ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნება ჩანს ლონდონის სასამართლოს ჩანაწერებში - 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში საუბარია იმის შესახებ, რომ იგორ კოლომოისკი "ჯორჯიან მანგანეზის" და "ვარციხეჰესის" წილის ერთ-ერთ  არაპირდაპირ მესაკუთრედ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს ასახელებს. თავად გიორგი კაპანაძე დაკავშირებულია იმ ბიზნესჯგუფთან, რომელიც ამჟამად “ჯორჯიან მანგანეზს” ფაქტობრივად მართავს.

რაც შეეხება “ვარციხეჰესის კასკადს”, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰესის აქტივები 2019 წლის ბოლოსთვის 140 მილიონ ლარს შეადგენდა და მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 95% ზესტაფონის ქარხანას და ჭიათურის სამთო კომბინატს მიეწოდება. სადგურმა 2019 წელს 727,000 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითიც 9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის უშუალო მფლობელი არის ლუქსემბურგში რეგისტრირებული "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი".



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები