მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ვერძაძე: შრომის კოდექსის ცვლილებები დიმიტრი ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა

5d97511439b9d
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.19 18:23
1021
გადაცემა “საქმიან დილაში” შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა ილია ვერძაძემ მისი ინიციატივის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილთან კომუნიკაციითა და ხელმძღვანელობით მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა აიკრძალება.

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსაც, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება.

“გეტყვით, რომ ერთიანი ქოლგის ქვეშ მიმდინარეობს მუშაობა, სწორედ დიმიტრი ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი გზა ოდნავ უფრო გრძელია, ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ჩვენ ამ შეთანხმებულ კონტექსტში გავიარეთ ეს პროცესი. ბატონი დიმიტრის მოწვევითვე მივიღეთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვქონდა სამუშაო შესრულებული, ეს ნაწილი ჩვენ წარვადგინეთ. ეს პროექტი ჩაჯდება საერთო კონტექსტში", - განაცხადა ილია ვერძაძემ.

კანონპროექტის თანაავტორის თქმით, ცვლილება პირველ რიგში რიგითი დასაქმებულების შრომითი პირობების დაცვისკენ არის მიმართული. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ის “შესაძლოა, დღეში 16 საათზე ნაკლებს არ მუშაობდეს”.

“მე, სხვათა შორის, ეს მაგალითიც ვთქვი შეხვედრის დროს, რომ ჩემი პირადი მუშაობა არ შეიძლება დაედოს საფუძვლად კანონს, რადგან მე შემიძლია ნებისმიერ დროს გავჩერდე, ყავა მივირთვა, გავიარო. ტოპ მენეჯერის მუშაობა სხვა არის და მას თუ უნდა, რომ სამსახურის შემდეგ ლექცია წაიკითხოს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ჩემი სამუშაო, მე შეიძლება 16 საათზე ნაკლებს არ ვმუშაობ დღეში, მაგრამ ეს არის ჩემი სამუშაო. ამის გამო, მეშახტის, მემანქანის, მკერავის, მძღოლის რეგულირებას ვერ დავიწყებთ.

კანონი არ იწერება ტოპ მენეჯერებისთვის, არ იწერება ხელმძღვანელებისთვის. კანონი იწერება მათთვის, ვისაც შეიძლება დაუდგეს მომენტი, რომ ამ კანონმა მისი ინტერესები დაიცვას", - ამბობს დეპუტატი.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:

“ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს,”- წერია კანონპროექტში.

ზეგანაკვეთური შრომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონპროექტის თანაავტორს სამედიცინო სფეროს მაგალითი მოყავს. ილია ვერძაძის თქმით, შეთავსებადი სამუშაოს დროს ექიმის “მარგი ქმედების კოეფიციენტი” და მისი “მდგრადობა” შეიძლება მნიშვნელოვნად დაეცეს.

“მართლაც ვწუხვარ, რომ სამედიცინო სფეროში ბევრი პროფესიონალი მუშაობს რამდენიმე ადგილზე და ბევრ სიკეთეს აკეთებს და ბევრი ადამიანი გადაურჩენია, მაგრამ იცით რა, ჩვენ ვერ დავეყრდნობით იმას, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, მისი მდგრადობა მესამე სამსახურში, მეორე სამსახურში ვერ იქნება იგივე, რაც იყო დილით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა საფრთხილო თემაა,”- ამბობს დეპუტატი.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები აქვთ როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ შრომითი კანონმდებლობის მიღება RIA-ს (რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის) გარეშე არ უნდა მოხდეს.