მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF - კარგად გვესმის, რომ ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა

5d81cf63741a0
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.19 10:36
1078
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველო გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, თუმცა ამ პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ეროვნული ვალუტის გაუფასურება წარმოადგენს. 

მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, ფონდს კარგად ესმის, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ქართული ოჯახებისა და ბიზნესების მატერიალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა, აქვე მარტინი აღნიშნავს რომ გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმის შენარჩუნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - "საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას." 

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა. სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას.

„საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს. ბიუჯეტის შესრულების მაღალი ტემპის ფონზე შესაძლებელი გახდა კაპიტალური ხარჯების დაჩქარება 2019 წლის პირველ ნახევარში, რაც მისასალმებელია და შეესაბამება სსფ-ს პროგრამის დათქმას, რომ ხარჯები მიმართული იქნება მეტწილად ინვესტიციების დასაფინანსებლად მაშინ, როცა მიმდინარე ხარჯების დაზოგვა მოხდება. საბიუჯეტო დისციპლინის გაგრძელება საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ვალის შენარჩუნებას უსაფრთხო დონეზე და წარმოადგენს შესაბამის პოლიტიკას.

„სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის განათლების რეფორმას. შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საპენსიო რეფორმის მე-2 პილარის განსახორციელებლად. გადახდისუუნარობის კანონის და ბანკების რეზოლუციის ჩარჩო მექანიზმის დროული ამოქმედება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოსა და უზრუნველყოფს საფინანსო სექტორის მდგრადობას", - ნათქვამია მისიის შემაჯამებელ მიმოხილვაში.