მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის ბორდი საქართველოსთვის $450 მლნ-ის გადმორიცხვის გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს

5e96a8e23cbc4
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 10:28
922
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებას აქვეყნებს. ვერა-მარტინი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან პროდუქტიული დიალოგი შედგა. მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნისთვის დაახლოებით $450 მილიონის რესურსი ხდება ხელმისაწვდომი, საიდანაც $200 მილიონი საბიუჯეტო დახმარებაა.

მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო თანხის გადმორიცხვაზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში მიიღებს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის შესახებ კი IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2020 წელს ქვეყანაში რეცესია იქნება და მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით შემცირდება. ამასთან, შოკის ფონზე 11.3%-მდე გაიზრდება ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე დაეცემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. სავალუტო ფონდის გათვლებით ამ შოკის გამო, საქართველოს სავალუტო შემოდინებები 2020-21 წლებში $1.6 მილიარდით შემცირდება, სწორედ ამ მოცულობის დაფინანსებას მიიღებს ქვეყანა ფონდისგან და სხვა დონორებისგან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას, 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდაა, რასაც IMF 8.5%-ის დონეზე პროგნოზირებს.