მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის დირექტორის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შოკების ფონზე მდგრადობა შეინარჩუნა

5df9ca19819f7
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 10:44
786
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის, პროგრამის ერთი წლით გაგრძელებისა და საქართველოსთვის პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადმოცემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 17 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ პროგრამის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის შედეგად, IMF-ის მხრიდან საქართველოსთვის $41.4 მილიონის მოცულობის თანხები ხდება ხელმისაწვდომი. შედეგად, პროგრამის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის ოდენობა $248.7 მილიონამდე იზრდება. 

საქართველოსთვის პროგრამის გაგრძელების თაობაზე განცხადება სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკას საგარეო შოკების ფონზე შედარებითი სტაბილურობა შეუნარჩუნა. 

"საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების ფონზე მაღალი სტაბილურობა შეინარჩუნა, რასაც ეკონომიკური ზრდის მყარი მაჩვენებელი და მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტი განაპირობებდა. თუმცა, რისკები კვლავ მნიშვნელოვანია, რაც საერთაშორისო ინვესტიციებთან მიმართებით მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება, ეს კი საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივაზე ნეგატიურად მოქმედებს.
 
უკანასკნელ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაცია გამოწვევულია, როგორც დროებითი ფაქტორებიდან, ასევე ლარის გაუფასურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფლაციურ წნეხზე ემოქმედა. ამასთანავე, გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი ასრულებს ეკონომიკის შოკის შთანთქმის ფუნქციას", - ამბობს ტაო ჟანგი. 

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფონდი 2020 წელს ქვეყნისთვის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.