16.აპრილი .2021 17:00

IMF-ის მიერ ზრდის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, მთავრობა ბიუჯეტს არ გადახედავს

IMF-ის მიერ ზრდის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, მთავრობა ბიუჯეტს არ გადახედავს
views 344
უკან

საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს არ გადახედავს - ამის შესახებ BMG-ს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განუცხადა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. ამასთან, IMF-მა 12 აპრილს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში პანდემიური კრიზისი გამწვავდა, მთავრობას ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვა მოუწევს.

მთავრობის მიერ 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა უფრო დაბალი იქნება, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნას. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით არავითარი საფრთხე არ არსებობს.

“სავალუტო ფონდი აფასებს ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შედეგებს, ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 3.5 პროცენტი - ეს გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, თუ რამდენად არის მოლოდინები, რომ ტურიზმის სექტორი წელს აღდგება. IMF-ის ეს შეფასება, დარწმუნებული ვარ, წლის განმავლობაში კიდევ შეიცვლება და იმედი მაქვს, პოზიტიურად გადაიხედება. ძალიან დინამიკური და სწრაფად ცვალებადი ვითარებაა და მე მესმის, რომ მათთვისაც ძალიან ძნელია პროგნოზების გაკეთება. ასეთი იყო გასული წელიც, როდესაც არაერთხელ შეიცვალა მოლოდინი.

ბიუჯეტი ამ მიმართულებით კორექტირებას არ განიცდის, რადგან საბიუჯეტო პროცესი არ არის ის პროცესი, რომელიც ერთი თვე შეიძლება შეცვალო და მეორე თვეს გადააკეთო. ჩვენ ვაკვირდებით პარამეტრებს, დღეს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულებას შეიძლება რაიმე საფრთხე შეექმნას, არ არსებობს. პირიქით, უფრო მეტის მოლოდინები გვაქვს და რაიმე ტიპის ცვლილებას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

2021 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 10.34 მილიარდ ლარზეა განსაზღვრული. აქედან დღგ-ის საპროგნოზო მოცულობა 4.34 მილიარდი, აქციზის 1.58 მილიარდი, მოგების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 951 მილიონი ლარი, საშემოსავალო გადასახადის მოცულობა კი 3.31 მილიარდი ლარია.