22.დეკემბერი .2021 14:50

IMF-ის შეთავაზება მთავრობას: რა უნდა შეიცვალოს ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში

IMF-ის შეთავაზება მთავრობას: რა უნდა შეიცვალოს ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში
views 645
უკან

საქართველოს მთავრობას ათობით კომპანია ეკუთვნის, რომლებშიც 50,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. ამ კომპანიების ფინანსური შედეგები სავალალოა. მხოლოდ 2020 წელს მათი ერთობლივი ზარალი 1 მილიარდ ლარს აღემატებოდა. ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვაში არაერთი ცვლილებაა გასატარებელი, ამას დონორები საქართველოს მთავრობას უკვე არაერთი წელია ეუბნებიან და კონკრეტული ცვლილებების გატარების ვალდებულება საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინა პროგრამის ფარგლებშიც აიღო. მაშინ მეტი აქცენტი ფინანსური შედეგების აღრიცხვაზე და გამჭვირვალობაზე გაკეთდა, თუმცა მთავარი საკითხი, რაც საწარმოების არამდგრადი ფინანსური შედეგები იყო, უცვლელად დარჩა.

IMF-მა გამოაქვეყნა რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროგრამა უნდა წარიმართოს.

მთავრობის და მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიებს, ჯამში, 12.6 მილიარდი ლარის სესხები აქვთ აღებული. თუკი ისინი საკუთარი კომერციული შედეგებიდან გამომდინარე, ამ ვალებს ვერ ისტუმრებენ, მაშინ მათი გადახდის ვალდებულება ქვეყნის ბიუჯეტზე ანუ გადასახადის გადამხდელებზე გადაინაცვლებს. სწორედ ამის თავიდან არიდებისთვის არის აუცილებელი რეფორმის გაკეთება. წლების მიხედვით, სახელმწიფო საწარმოთა ზარალი მზარდია:

2014 წელი - 100 მილიონი ლარის ზარალი;
2015 წელი - 786 მილიონი ლარის ზარალი;
2016 წელი - 536 მილიონი ლარის ზარალი;
2017 წელი - 732 მილიონი ლარის ზარალი;
2018 წელი - 816 მილიონი ლარის ზარალი;
2019 წელი - 237 მილიონი ლარის ზარალი;
2020 წელი - 1 მილიარდი ლარის ზარალი.

რა უნდა შეიცვალოს

რეფორმის პროცესი მთავრობისთვის არაპოპულარულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ახლა სახელმწიფო კომპანიები მთავრობის დავალებით ასრულებენ ისეთ მომსახურებებსა და პროექტებს, რომელთაც მათთვის ზარალი მოაქვს, თუმცა ამ საქმიანობისთვის ისინი შესაბამის ანაზღაურებას არ იღებენ. ამას ფინანსთა სამინისტრო კვაზი-ფისკალურ აქტივობებს უწოდებს. მაგალითად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2013 წლიდან მოყოლებული, მთავრობის დავალებით ასუბსიდირებს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ღირებულებას, რათა გაზის ტარიფის მკვეთრი ზრდა არ მოხდეს. ლარის გაუფასურების ფონზე, კომპანიისთვის ეს ხარჯი გამუდმებით იზრდება. ფინანსთა სამინისტროს დათვლებით, 2020 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის სუბსიდირების გამო 199 მილიონის შემოსავალი ვერ მიიღო, 2021 წელს კი სუბსიდიის ხარჯი 300 მილიონ ლარზეა პროგნოზირებული. შესაბამისად, კომპანიას ქვეყანაში გაზის ტარიფების მეტ-ნაკლებად უცვლელ დონეზე შენარჩუნება ორი წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი ლარი დაუჯდა, რისი ანაზღაურებაც ვერ მიიღო.

რეფორმის მიხედვით, მთავრობამ უნდა შეზღუდოს კვაზი-ფისკალური აქტივობები ან მათი განხორციელების შემთხვევაში კომპანიას შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გადაუხადოს.

“კვაზი-ფისკალური აქტივობა შესაძლოა იყოს ცხადი (კომპანიის წესდებით, ან მთავრობის/სამინისტროს/უწყების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული) და ფარული (კომპანია ახორციელებს კვაზი-ფისკალურ აქტივობებს ამ ფუნქციის სამართლებრივი აქტით დაკისრების გარეშე). ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობის მაგალითია სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულთა საჭიროზე მეტი რაოდენობა სოციალური ან/და პოლიტიკური მიზნებისთვის. ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობა უნდა იყოს აკრძალული. დაუშვებელია სახელმწიფო საწარმოს მიერ არაკომერციული მომსახურებების (NCSO-ები) განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი არიან ცხადი და მათი ღირებულება სრულადაა კომპენსირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან,” - წერს ფინანსთა სამინისტრო.

IMF-ის ტექნიკური მისიაც იზიარებს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კორპორაციებმა უნდა გამოავლინონ და შეზღუდონ მსგავსი აქტივობები, ხოლო თუ მაინც გადაწყდება მსგავსი ოპერაციების შესრულება, მაშინ ცენტრალურმა ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ შესაბამისი ანაზღაურება უნდა მისცეს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც რეფორმა შეეხება, არის სახელმწიფო კორპორაციების მართვის წესები. მათ შორის იცვლება კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოების წევრების არჩევის წესები. მოქმედ თანამდებობის პირებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა აეკრძალებათ, განისაზღვრება წესები, რომლითაც სამეთვალყურეო საბჭოში არჩევა კონკურსის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, ხოლო საბჭოს წევრის არჩევა 3 წლის ვადით მოხდება, ერთსა და იმავე პირს მაქსიმუმ ორი ვადით შეეძლება საბჭოში ყოფნა.

თავად სამეთვალყურეო საბჭოებს კი მოუწევთ დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტის შექმნა, რომელიც სახელმწიფო კორპორაციების საქმიანობას დამატებით კონტროლს გაუწევს. აუდიტის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოებს რისკის და თანამშრომელთა/მენეჯმენტის კომპენსაციების (ანაზღაურების) განსაზღვრის კომიტეტის შექმნაც მოუწევთ.

რეფორმა მამხილებლის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და მისი უფლებების დაცვის შესახებაც მოიცავს ჩანაწერებს.

IMF-ის თანახმად, სახელმწიფო კომპანიების მმართველობის პოლიტიკაში სხვა ცვლილებებიც უნდა შევიდეს. რეფორმის მოდელის თანახმად, თუკი კონკრეტული კომპანიის არსებობა კომერციულად მიზანშეწონილი არაა, ის უნდა გაუქმდეს, ან თუკი კომერციული საქმიანობა არ შეუძლია, მაგრამ საჭირო ფუნქციებს ასრულებს, ის შპს-ს სტატუსს დაკარგავს და სსიპ-ად უნდა გადაკეთდეს. ამასთან, სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით, ყოველ ხუთ წელში ერთხელ უნდა გადაიხედოს თითოული კორპორაციის საქმიანობა და შეფასდეს უნდა მოხდეს თუ არა მისი ლიკვიდაცია/სსიპ-ად კონვერტაცია თუ პრივატიზაცია.

კორპორაციებს ყოველწლიური ფინანსური გეგმის (შემოსავლების; ხარჯების; კრედიტების; ინვესტიციების) ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა მოუწევთ. ეს დოკუმენტები კი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამასთან, კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოებს მოუწევთ წარადგინონ ყოველკვარტალური ფინანსური ინფორმაცია. აღნიშნული მაჩვენებლები უნდა ითვალისწინებდეს, როგორც დაგეგმილ, ასევე ფაქტობრივ შემოსავლებსა და ხარჯებს.

ცვლილებებია დაგეგმილი სახელმწიფო კომპანიების და საბაზრო კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით. IMF-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კორპორაციებისთვის არ შეიძლება იყოს დაწესებული მათზე მორგებული საგადასახადო გამონაკლისები, რომლებიც ამ კორპორაციის მოღვაწეობის ბაზარზე კონკურენციაზე ახდენენ გავლენას. ცვლილებები შეეხება მათი სესხების პირობებსაც, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ სესხების გარანტორი არ შეიძლება იყოს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება, რათა საკრედიტო რისკის დადგომის შემთხვევაში, კორპორაციის ვალები ბიუჯეტის გადასახდელი არ აღმოჩნდეს. დოკუმენტის თანახმად, ის რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს კორპორაციის მიერ აღებული ვალების გარანტორი მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ამ კომპანიების მიერ გაფორმებულ თითოეულ საკრედიტო ხელშეკრულებაში.

კონკრეტდება თუ ვინ არის სახელმწიფო კორპორაციების ზედამხედველი ორგანო. დღეს ეს საწარმოები მოქმედებენ სხვადასხვა სამინისტროს, თუ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დეპარტამენტის ქვეშ და მათი ზედამხედველობის პასუხისმგებლობის საკითხებიც საკმაოდ ბუნდოვანია. IMF-ის თანახმად, რეფორმის შედეგად, ცენტრალური მთავრობის ყველა კოპრორაცია რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა. გამონაკლისები მხოლოდ ელექტროენერგიის გენერაციით დაკავებული კომპანიები იქნება, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კორპორაციები კი ამავე მუნიციპალიტეტის ფინანსური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა. IMF-ის თანახმად, ეს ცვლილება აუცილებელია, რადგანაც ფინანსთა სამინისტრო უკეთესად შეაფასებს და კონტროლს გაუწევს ფისკალურ რისკებს, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებთან არის დაკავშირებული.

საპილოტე რეჟიმში რეფორმა შემდეგ კორპორაციებს შეეხება:

● საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
● საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
● გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

IMF-ის თანახმად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს სახელმწიფო კორპორაციების ფლობის და ოპერირების განახლებული წესები და პირობები. ჯერჯერობით, მსგავსი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს არ წარუდგენია.

ის, რომ რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის მძიმეა, იქიდანაც ჩანს, რომ ჯერად გაურკვეველია თუ რა სახით უნდა გააგრძელოს ოპერირება სახელმწიფოს კუთვნილმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა “საპარტნიორო ფონდმა”. მთავრობაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო იხრებოდა იქითკენ, რომ ფონდი საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასულიყო, რასაც ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება.

“საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მოდელი საბოლო სახით ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს საბიუჯეტო დაფინანსება არ იქნება”, - 20 დეკემბერს განუცხადა BMG-ის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა სახით და რა მასშტაბით ჩაუტარდებათ სახელმწიფო საწარმოებს რეფორმირება და მოხდება თუ არა მათი მრავალმილიონიანი ზარალის შებრუნება და ამ ორგანიზაციების ფინანსურ გამართულ კომპანიებად გარდაქმნა.

ასევე უცნობია ისიც თუ რა სახით ჩაიწერება რეფორმა საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის გასაფორმებელ მემორანდუმში, რომელიც ახალი პროგრამის დაწყებასთან იქნება დაკავშირებული ანუ კონკრეტულად რეფორმის ვალდებულებებს აიღებს მთავრობა IMF-ის წინაშე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა