მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოფიციალურად შეამცირა

5df9d511eeefc
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 12:10
1458
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამის გახანგრძლივებისა და $41 მილიონის მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ფონდის დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებული პროგნოზი, რომელსაც ფონდი 2020 წელს საქართველოში ელოდება.

IMF 2020 წელს საქართველოსთვის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

მოსალოდნელი ზრდის შემცირებასთან მიმართებით, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი ამბობს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებიდან გაზრდილი გაურკვევლობა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობაზე ნეგატიურად აისახება, რასაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის შესახებ საშუალოვადიან პროგნოზებზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ტაო ჟანგი გაზრდილი ინფლაციის შესახებაც საუბრობს და მას როგორც "ერთჯერად ფაქტორებს" (გაზრდილ აქციზს), ასევე ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირებს.

"საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების ფონზე მაღალი სტაბილურობა შეინარჩუნა, რასაც ეკონომიკური ზრდის მყარი მაჩვენებელი და მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტი განაპირობებდა, თუმცა რისკები კვლავ მნიშვნელოვანია, რაც საერთაშორისო ინვესტიციებთან მიმართებით მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება, ეს კი საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივაზე ნეგატიურად მოქმედებს.

უკანასკნელ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაცია გამოწვეულია, როგორც დროებითი ფაქტორებიდან, ასევე ლარის გაუფასურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფლაციურ წნეხზე ემოქმედა. ამასთანავე, გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი ასრულებს ეკონომიკის შოკის შთანთქმის ფუნქციას", - ამბობს ტაო ჟანგი.

IMF-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 17 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ პროგრამის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის შედეგად, IMF-ის მხრიდან საქართველოსთვის $41.4 მილიონის მოცულობის თანხები ხდება ხელმისაწვდომი. მთლიანობაში, პროგრამის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის ოდენობა $248.7 მილიონამდე იზრდება.