მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს

6368cd4bbd8e8
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.22 13:15
634
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლიდან საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს - ამის შესახებ დღეს ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა. წელს ორგანიზაცია საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც ტურიზმის აღდგენას და მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება, ხოლო მომდევნო წელს ეს ეფექტები შედარებით შესუსტდება და ზრდა 5%-ს დაუახლოდვება.

ანალოგიური პროგნოზი აქვს IMF-ს ინფლაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც ფონდის შეფასებით, სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2024 წელს უნდა დაუახლოვდეს. შედარებით უფრო ოპტიმისტურია ამ მხრივ ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომელიც 3%-თან ინფლაციის დაახლოებას მომდევნო წელსვე მოელის.

“2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წარსულში მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა და ლარი გააძლიერა, ამასთან ხელი შეუწყო სავალუტო რეზერვების დაგროვებას. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ.

2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დღესვე ახალი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების შესახებ განაცხადა. ჯეიმს ჯონის თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. შედეგად, საქართველოსთვის საჭიროების შემთხვევაში დამატებით 30 მილიონი SDR-ი ანუ 38 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.