მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან შეთანხმებით, მთავრობა სახელმწიფო ვალს მშპ-ის 60%-მდე ზრდის

5faab85f069bb
შოთა ტყეშელაშვილი
10.11.20 20:00
13350
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, გიორგი გახარიას მთავრობა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული. 

ახალი ვალების მობილიზების შედეგად, კი საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 60%-ზე ქვემოთ ვალის დონე 2023 წლისთვის უნდა ჩამოვიდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის მისიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში იმართებოდა და მის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომ 2021 წელს მთავრობამ ბიუჯეტი 5.1%-ის ნაცვლად, 7.6%-იან დეფიციტზე დაგეგმოს.

"2021 დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 7.6 პროცენტზეა გათვლილი, ითვალისწინებს ჯანდაცვის მაღალ ხარჯებს და შინამეურნეობების და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რაც მომატებული გაურკვევლობის ფონზე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღების გამტკიცებას. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს „ფისკალურ წესში“, რომელის მიხედვითაც 2023 წლისთვის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60 პროცენტს უნდა შეადგენდეს,"- ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.

2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მომდევნო წელს მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბიუჯეტის პირველად პროექტი კოვიდ კრიზისის წინააღმდეგ გამოსაყოფ დაფინანსებას არ შეიცავს. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ხარჯების ასახვა საბოლოო წარდგენის ბიუჯეტში მოხდება. ახალი ვალის სახით აღებული რამდენიმე მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებზე მიიმართება. 

უფრო დეტალურად ახალი ვალის კონკრეტული პარამეტრები 30 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობამ 6.2 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალი და 1.85 მილიარდი ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო. შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტმა უკანასკნელი წლების რეკორდულ ნიშნულს - 8.4%-ს მიაღწია. მთავრობა იღებდა ვალდებულებას, რომ ბიუჯეტის დეფიციტი რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ მდგრად ნიშნულზე ანუ 3%-ზე დაებრუნებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" მთავრობა კრიზისს სათანადო პასუხს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე ვერ სცემს.