მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის - 8.5%-ით

625ed3361c576
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 19:24
1267
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და გლობალური რისკების ზრდის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 3.6%-მდე შეამცირა.

ორგანიზაციის შეფასებით, ომის გაგრძელება მსოფლიოს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბლოკებად დაყოფის რისკებს ზრდის, რაც, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საერთაშორისო ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე.

IMF-ის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს.

სავალუტო ფონდს უკრაინის შესახებ მშპ-ის ვარდნის პროგნოზის გარდა, სხვა ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება უჭირს, რის გამოც ცხრილში ეკონომიკური პარამეტრების უმეტესობაზე საკუთარ პროგნოზს არ წერს, მათ შორისაა მშპ ერთ მოსახლეზე, ინფლაცია და სხვა პარამეტრები.

IMF-ის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, რის შედეგადაც მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზომა $20.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:

● საქართველო - 3.2%;
● სომხეთი - 1.5%;
● აზერბაიჯანი - 2.8%;
● თურქეთი - ზრდა 2.7%;
● რუსეთი - -8.5%
● უკრაინა - -35%