მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმუშავე საქართველოდან“: პროგრამის ფარგლებში 742 უცხოელი ჩამოვიდა

6006d6eff3abe
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 17:00
1078
პანდემიის გავლენით ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ 2020 წლის 27 აგვისტოდან ამოქმედდა. „ჩვენ ვახერხებთ ვირუსის მართვის მიღწევები დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ტურისტული სექტორისთვის“, - ასე აფასებდა პროგამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მის პოტენციალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

რამდენად შეძლო „ინოვაციურმა" პლატფორმამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლების მოზიდვა და როგორია პროგრამის განხოციელების მაჩვენებლები - BM.GE-იმ პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გასული წლის 9 დეკემბერს მიმართა, პასუხები კი, დღეს მიიღო.

უწყების ინფორმაციით, დღემდე პროგრამით საქართველოში 742 პირი ჩამოვიდა, რომელთა მიერ მხოლოდ სასტუმროში დახარჯული თანხა 1.4 მლნ ლარს აღემატება.

„2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ქვეყანაში ჩამოსული 742 უცხო ქვეყნის მოქალაქე უდრის 5 936 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (70$) გათვალისწინებით 1 413 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალს უდრის. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 9 მლნ-მდე დოლარის პოტენციურ დანახარჯს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში "იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა, ხოლო მიღებული აპლიკაციებიდან 1 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა.

ტურიზმის ადმინისტრაციის გათვლებით, დადასტურებული 2 190 რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში 26 მლნ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

აღსანიშნავია, რომ ტოპ ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხოელები საქართველოდან მუშაობის სურვილს გამოთქვამენ არის: აშშ, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და კანადა. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა.

შეგახსენებთ: "პროექტი “იმუშავე საქართველოდან” საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. პროექტის მიზანია, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2,000 აშშ დოლარზე მეტი იქნება.

მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები საქართველოში, თანმხლებ პირებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები