მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, ემბარგო არ განიხილება - მინისტრი

638f1881e5a76
გიორგი თოლორდავა
06.12.22 23:00
824
გერმანიის მინისტრ ანალინა ბერბოკთან შეხვედრისას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულისა" და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისა თუ ემბარგოს მიუხედავად, ინდოეთი არ გეგმავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას და ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინდოეთი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ჯაიშანკარის თქმით, საერთაშორისო ბირჟაზე ინდოეთი იმ ნავთობს იყიდის, რომელიც ყველაზე იაფად იქნება ხელმისაწვდომი, რაც სრულ შესაბამისობაშია საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებთან და ასეთ ქმედებას არ უნდა მიენიჭოს არავითარი პოლიტიკური თუ მორალური მნიშვნელობა.

"არ მინდა წინააღმდეგობრივად ვჟღერდე, მაგრამ გთხოვთ, მითხარით, რუსული გაზის შესყიდვა არ ნიშნავს ომის დაფინანსებას? რატომ არის მხოლოდ ინდოეთის მიერ შესყიდული ნავთობი წარმოჩენილი ომის დაფინანსებად და არა ევროპის მიერ შეძენილი გაზი? გთხოვთ, თანაბრად განვიხილოთ ორივე შემთხვევა.

თუკი ევროპულ სახელმწიფოებს და ამერიკას ეს ამბავი ასე აღელვებთ, რატომ არ იძლევიან ისინი ბაზრისთვის ირანული ნავთობის მიწოდების საშუალებას? ასევე, რატომ არ აძლევენ ვენესუელას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გატანის უფლებას? მათ შეზღუდეს ნავთობის ყველა სხვა წყარო და თან გვეუბნებიან, რომ ბაზარზე საუკეთესო ფასად წარმოდგენილი ნავთობი არ შევიძინოთ. არ ვთვლი, რომ ეს სამართლიანი მიდგომაა", - ჯერ კიდევ ივნისში აცხადებდა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მიერ 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დაწესებისა და ევროკავშირის მიერ საზღვაო ემბარგოს ამოქმედების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი რუსული ნავთობის ფასი 62 დოლარამდე შემცირდა.

რუსული Urals-ის 3%-იანი გაუფასურება სწორედ იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ დასავლური სახელმწიფოები მასში 60 დოლარზე მეტს არ გადაიხდიან, ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი კი მას ისედაც ფასდაკლებით ყიდულობდნენ, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე უკვე აღარ არის დარჩენილი ისეთი მყიდველი, რომელსაც Urals-ში 60 დოლარზე მეტის გადახდა სურდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე Brent-ისა და Urals-ის ფასები პრაქტიკულად იდენტური იყო, 24 თებერვლის შემდეგ კი მათ ფასებს შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა Urals-ის შესყიდვა შეწყვიტეს, რუსეთს კი საკუთარი ნავთობის აზიურ სახელმწიფოებზე გაყიდვა მოუწია, თანაც დიდი ფასდაკლებით.