მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს - Bloomberg

629f1b84bb200
გიორგი არონია
07.06.22 20:50
1012
რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიები იძულებულნი არიან საკუთარი ნავთობი დიდი ფასდაკლებით გაყიდონ - სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა ინდოეთი, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, იგულისხმება რუსული ნავთობის შესყიდვის ექვსთვიანი ხელშეკრულება, რომელიც, თუ დადასტურდა, განხილულ უნდა იქნას, როგორც დამატებითი შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნედლი ნავთობის აქტიური შესყიდვა ინდური სახელმწიფო და კერძო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა იმის ფონზე დაიწყეს, რაც ამ ნავთობზე უარი ევროპულმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რამაც მისი ფასი საგრძნობლად შეამცირა. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ინდოეთმა 40 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შემოიტანა რუსეთიდან, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე შარშან. Kpler-ის ინფორმაციით, ამა წლის აპრილში რუსეთი ინდოეთში ყოველდღიურად 284 ათას ბარელს, ხოლო მაისში 740 ათას ბარელს გზავნიდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის მაისში, ამ მაჩვენებელმა 34 ათასი ბარელი შეადგინა.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა არალეგალური არ არის და არც რომელიმე სანქციის დარღვევად ითვლება, ბოლო დროს, ინდოეთი არაერთხელ გამხდარა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირისგან წამოსული წნეხის მსხვერპლი. „ადამიანებს ნავთობის საყიდლად რომ ვუშვებთ, რუსული ნავთობის შეძენას კი არ ვავალებთ“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა და დასძინა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენას პოლიტიკური კონოტაცია არ უნდა მოჰყვეს, რადგან ამ ნავთობის შეძენა მათი ქვეყნისთვის ყველაზე რენტაბელური არჩევანია.

ინდოეთის მსგავსი სახელმწიფოსთვის, რომელიც საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ნავთობის 85%-ის საზღვარგარეთ ყიდულობს, გაიაფებული რუსული ნავთობის შეძენა დიდი შვებაა, რაც ნავთობის შემოტანას გეოგრაფიულ გადანაწილებაზეც ჩანს: აპრილში, ევრაზიიდან შემოტანილი ნავთობის წილი საერთო იმპორტში 10.6%-მდე გაიზარდა - შარშან, ეს მაჩვენებელი 3.3%-ს უდრიდა.