მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაცია უკვე „მოტეხილია“ - ოთარ ნადარაიას პროგნოზი 2023 წლისთვის

63a3248834a14
თელარა გელანტია
21.12.22 23:55
1055
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მას შემცირების ტენდენცია აქვს. მათივე შეფასებით, მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია, ამიტომ ვიდრე ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი არ ექნება, ეროვნული ბანკი აპირებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნოს; მეტიც სებ-ი აცხადებს, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი არაა და ალბათ ინფლაციაც შენელდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-ზე დატოვებას ლოგიკურად მიიჩნევს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

ოთარ ნადარაიას შეფასებითვე, „ინფლაცია უკვე „მოტეხილია“ და შემდეგი წლიდან ფასები შემცირებას დაიწყებს.

„ობიექტურად, წელს ინფლაცია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის გამოწვევა იყო, რამდენიმეს გამონაკლისის გარდა. რაც შეეხება საქართველოს, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის გაცვლითი კურსი მცირედით დასუსტდება და სასაქონლო ფასები ოდნავ შემცირდება, ვფიქრობთ, 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) ახლოს იქნება, დაახლოებით, 3%-4%-ის ფარგლებში. აღსანიშნია ისიც, რომ წლიური ინფლაცია კი მაღალია, მაგრამ თუ შევხედავთ ყოველთვიურ ინფლაციას ანუ ნოემბრის ინფლაციას ოქტომბერთან შედარებით ან ოქტომბერში ინფლაციის დონეს სექტემბერთან შედარებით და ასევე გამოვრიცხავთ სეზონურ ფაქტორებს, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია უკვე „მოტეხილია“, მცირდება და ესეც დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ თუ ფასების დონის კლების ტენდენცია გაგრძელდა და დამატებითი შოკი არ იქნა - მაგალითად, ნავთობის ფასის ზრდა ან ლარის კურსის გაუფასურება, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელმაც ინფლაციაზე კლებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს, ეკონომიკური ზრდის ტემპია.

„კარგია, რომ წელს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მომავალ წელს, ამ კუთხით უფრო პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ამდენად, ამ ფონზე, როცა ეკონომიკის ზრდაც ნელდება, ინფლაციაც შენელდება და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც ალბათ საბაზო სცენარიის ნაწილია“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა.

საქართველოში წლიურად ფასები 10.4%-ის არის გაზრდილი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარდება.