მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციაში რა წვლილი მიუძღვის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას? - დაუშვილი გვენეტაძეს

61bb1ea8b3207
მარიამ ვარადაშვილი
16.12.21 14:51
1456
დღეს პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებები უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძემ წარადგინა, შემდეგ კი დეპუტატებმა სხვადასხვა თემაზე კითხვები დასვეს, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი ამ წუთებში პასუხობს. 

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, რა გავლენა აქვს ორნიშნა (12.5%) ინფლაციაზე ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას და ასევე, დედოლარიზაციის პოლიტიკას, რომელსაც სებ-ი ატარებს და რამდენადაა შესაბამისობაში  ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდა ლარიზაციის პოლიტიკასთან.

“მინდა, თქვენგან გავიგო ამ ინფლაციაში რა წვლილი მიუძღვის თუ არა ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას ანუ დღეს რა პოლიტიკაც გვაქვს, ამას წვლილი თუ მიუძღვის ინფლაციაში. დედოლარიზაციის/ლარიზაციის პოლიტიკა როგორც ვხედავთ გრძელდება. გადაწყვეტილება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სავალუტო იპოთეკური სესხების ვადიანობა 10 წლამდე შემცირდა. მე პირადად ეს გადაწყვეტილება ლარიზაციის ნაწილად მესმის. ამასთან, რეფინანასირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდა. რამდენად ლოგიკურია თან ლარიზაციის პოლიტიკას ვატარებდეთ და ამ დროს რეფინანისრების განაკვეთს ვზრდიდეთ”, - ჰკითხა მიხეილ დაუშვილმა კობა გვენეტაძეს.

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ასევე დაინტერესდა ლარიზაციის პოლიტიკის შედეგებით: “ლარიზაციის პოლიტიკას რა კონკრეტული შედეგები აქვს. რამე ხელშესახები შედეგი გვაქვს აქამდე თუ რატომ ვაგრძელებთ. მოქალაქისთვის რა შედეგი აქვს ამ ყველაფერს, ამის დანახვა გვინდა”.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციაში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის წვლილზე კითხვას კონკრეტულად არ უპასუხა. რაც შეეხება სხვა კითხვებს, თქვა, რომ ლარიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი შედეგებია. მისივე თქმით, 20-25%-მდე რომ შემცირდეს დოლარიზაციის მაჩვენებელი, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება და ფინანსურ სისტემას სხვადასხვა რისკისგან დაიცავს.

“ნამდვილად კარგი შედეგებია. მაგალითად 2015 წელს როცა ლარი გაუფასურდა და ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, 176 ათას ფიზიკურ პირს ჰქონდა აღებული უცხოურ ვალუტაში სესხი, მათ სესხის მომსახურება ვეღარ შეძლეს და ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დღეს ასეთი მსესხებელები, დაახლოებით, 75 ათასია. იმ გაუფასურების ტალღის მიუხედავად, რაც პანდემიას მოჰყვა, დღეს უკვე ისეთ რთულ სიტუაციაში აღარ არიან. სხვა შემთხვევაში, გაცილებით რთულად გადაიტანდნენ ამ სიტუაციას”, - აცხადებს გვენეტაძე.

რაც შეეხება სავალუტო სესხების ხანგრძლივობის 15-დან 10 წლამდე შემცირებას, კობა გვენეტაძე რამდენიმე რისკს ასახელებს მათ შორის სავალუტო სესხებზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს და მსესხებელთა “არაჰეჯირებას”.

“თუ იპოთეკის სესხებს გადავხედავთ, ამ სესხებში გაფუჭების წილი გაცილებით მაღალია ევროსა და დოლარში გაცემული სესხების შემთხვევაში, ვიდრე ლარში გაცემულ სესხებზე. ეს უკვე ფინანსური სტაბილურობის რიკებს ქმნის, გარდა იმისა, რომ თვითონ მსესხებლისთვისაც ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორია”, - აცხადებს გვენეტაძე.