მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვენციებს განვითარებადი ეკონომიკების ცენტრალური ბანკების მხოლოდ 16% ასაჯაროებს - გვენეტაძე

631a096e16e5b
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.22 19:29
667
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს სებ-ის არსებულ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც Bmatch პლატფორმით განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, ისიც თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ ქვეყნდება. საქმე ისაა, რომ სებ-ი ინტერვენციებს ორი გზით ახორციელებს, ერთია წარსულში არსებული სავალუტო აუქციონის პრაქტიკა, რომლის დროსაც ინტერვენციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება იმავე დღესვე, ხოლო მეორეა შედარებით ახალი Bmatch პლატფორმის ინტერვენციები, რომელთა მოცულობაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაფართოვდა.

გვენეტაძეს ამ საკითხის შესახებ კითხვა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ დაუსვა. ამ კითხვაზე პასუხისას გვენეტაძემ განაცხადა, რომ IMF-ის კვლევის მიხედვით, განვითარებადი ბაზრების ეკონომიკების ცენტრალური ბანკების უმეტესობა სავალუტო ინტერვენციების სტატისტიკებს საერთოდ არ აქვეყნებენ და ამ პრაქტიკას მხოლოდ 16% ატარებს, შესაბამისად, გვენეტაძის შეფასებით, სებ-ი ამჟამად ისედაც საკმარისად გამჭვირვალეა.

“საქართველოში სავალუტო აუქციონის შედეგები აუქციონის დასრულებიდან 15 წუთის შემდეგ ქვეყნდება, ხოლო წესებზე დაფუძნებული ინტერვენციის (BMATCH პლატფორმით ინტერვენციის) შედეგი, თვიურ ჭრილში სხვა სავალუტო მონაცემებთან ერთად, თვის დასრულებიდან 25 დღეში ქვეყნდება. ინტერვენციების შესახებ ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება არ არის ფართოდ მიღებული პრაქტიკა.

ბატონო რომან, მინდა გთხოვოთ, რომ გაეცნოთ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და ვიცი რომ ამ ორგანიზაციას პატივს სცემთ. მათი მონაცემებით, ცენტრალური ბანკების უმეტესობა და ისინი, რომლებიც ინტერვენციებს ყველაზე ხშირად ახორციელებენ, ინტერვენციების სტატისტიკას საერთოდ არ აქვეყნებენ. IMF-ის კვლევის მიხედვით, მზარდი ეკონომიკებსა და განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 16% აქვეყნებს სავალუტო ინტერვენციებზე მონაცემებს და საქართველო სწორედ ამ 16%-შია,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის ინტერვენციების გარეშე ყიდვა/გაყიდვის პრაქტიკა გაუმჭვირვალეა და მოსახლეობა ამ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით იგებს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამ სისტემით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 2020-2021 წლებში მცირე იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში მათი ზომა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან ივლისში $110 მილიონს მიაღწია.

Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ყოველთვიური ანგარიშები ქვეყნდება. სებ-ის თანახმად, მათ ივლისში ამ გზით $110 მილიონი შეისყიდეს. ინფორმაცია, თუ რა მოცულობის შესყიდვები/გაყიდვები განხორციელდა ამ პლატფორმით აგვისტოში, სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.