მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინთან

5eae7ae9aed68
BM.GE
03.05.20 13:00
1103
საერთაშორორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში ისაუბრა ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მოკლევადიან პერიოდში საქართველოსთვის $200 მილიონის რესურსი გახდება ხელმისაწვდომი. უახლოესი თვეების განმავლობაში კი IMF-ის მიერ დაფინანსების გამოყოფაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ სხვა დონორებმაც ქვეყანას $1.6 მილიარდამდე ოდენობის გადაუდებელი დაფინანსება გამოუყონ. 

მერსედეს ვერა-მარტინი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან საუბარში ამბობს, რომ IMF-ს მიმდინარე პროგრამა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა გაატაროს რეფორმები, რომლებიც ფონდის მიერ პრიორიტეტებად არის შეფასებული. მერსედეს ვერა-მარტინი დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი არის მდგრადი. "მართალია, COVID-19-ის შოკის დასაფინანსებლად, ვალი მშპ-ის 60%-მდე გაიზრდება, თუმცა შემდგომი წლების განმავლობაში ვალის ნიშნული ეტაპობრივად შემცირდება,"- აცხადებს ვერა-მარტინი.

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინთან:

 - გვითხარით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ველით თქვენგან მეტ დეტალს.

 - დიახ, მე შემიძლია გამცნოთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა საქართველოს საკითხი განეხილა. ამის შესახებ ჩვენ უახლოეს მომავალში პრეს-რელიზსაც გავავრცელებთ. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დატკიცდა გადაწყვეტილება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასა და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების სახით 200 მილიონი დოლარი გადმოვრიცხოთ. რათა ამ თანხით, საქართველოს მთავრობას ხელი შეეწყოს ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამებსა და ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დაფინანსებაში.

- თუ იყო საქართველოსთან მიმართებით, მათგან დამატებითი კომენტარი ან მოსარზება გამოთქმული? ან მისიის მხრიდან, იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით რაც საქართველოში უნდა გადაიდგას.

- დიახ, ჩვენ სწორედ ამ საკითხებს განვიხილავდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან დიალოგში. იმ ფისკალური პაკეტის მოცულობის და დეტალების შესახებ, რომლებიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. შესაბამისად, დახმარებები შინამეურნეობებისთვის, ასევე დახმარებები ბიზნესებისთვის.

მინდა ვთქვა, რომ აღმასრულებელი საბჭო საქართველოს მიმართ საკმაოდ მხარდამჭერია. კარგი სიახლე არის ის, რომ საქართველო შეძლებს მობილიზება გაუკეთოს მნიშვნელოვანი ოდენობის დაფინანსებას დონორებისგან.

- დახმარების მთლიანი ოდენობის მოცულობის შესახებ, ითქვა, რომ ის 3.2 მილიარდ დოლარამდე იქნება და ამ მთლიან დახმარებასთნ მიმართებით სამუშაოები კვლავ გრძელდება და აფდეითები კვლავ იქნება - თუმცა, ამ დახმარებების გადმორიცხვისთვის აუცილებელი მწვანე შუქი სწორედ სავალუტო ფონდისგან მომდინარეობდა. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის პანდემიის პერიოდში? - ასევე საინტერესოა რამდენად განსხვავებული იქნება მისიის მონიტორინგის პროცესი?

- მინდა დახმარების იმ მთლიანი მოცულობის შესახებ მოგახსენოთ, რაც თქვენ ახსენეთ. ამ თანხის ნახევარი მიმართულია საჯარო სექტორისკენ, მეორე ნახევარი კი კერძო სექტორისკენ. შესაბამისად, საერთაშორისო დონორები მოახდენენ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებას, რაც საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით მიეცემა. ჩვენი პროგრამის ჭრილში კი მოვახდენთ ხარჯვის მონიტორინგს. ამჟამად რა თქმა უნდა პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის გაზრდილი დაფინანსება, რათა ინფიცირებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ და შემცირდეს ეპიდემიის მაჩვენებელი. მეორე ბლოკი კი არის, საქართველოს მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა და იმ ბიზნესების ხელშეწყობა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიით და იმ მკაცრი ზომებით, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

როგორ მოვახდენთ ამ ყველაფრის მონიტორინგს? - ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა კუთხით მოვახდენთ დაკვირვებას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ დიდი. საქართველო ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვენლოვნად არის დამოკიდებული საგარეო მოთხოვნაზე. არის შემცირება ექსპორტში, ასევე ვხედავთ კიდევ უფრო მკვეთ ვარდნას ტურიზმში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სფეროს სწრაფი განახლების უზრუნველყოფა, რაზეც სწორედ ეკონომიკის სამინისტროც საუბრობს.

- თუ ხედავთ შესაძლო წინაღობას, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოსთვის თანხის გადმორიცხვის პროცესს? - ამჟამად მთავრობა პარლამენტის წინაშე 2020 წლის განახლებული ბიუჯეტით უნდა წარსდგეს, არის თუ არა თქვენს დაფინანსებაში გათვალისწინებული მოთხოვნები საქართველოში მაგალითად კონკრეტული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თაობაზე?

- ეს მართლაც კარგი კითხვაა. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ფაქტი, რომ ჩვენ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ვმოქმედებთ საქართველოსთან მიმართებით, ნიშნავს იმას, რომ მთავრობა განაგრძობს რეფორმების გატარების პროცესს, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული. არის შესაბამისი რეფორმებიც, რომლებიც განსაზღვრულია. მაგალითად საბანკო სისტემის რეზოლუციის ჩარჩო სისტემის მიღება, ასევე ჩვენთვის მნიშვენლოვანია გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების სისტემის განვითარება. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ფისკალური რისკების ანალიზის სისტემის გაფართოება, რაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაშიც პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია თვალნათლივაც ვხედავთ.

- ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მსურს დამატებითი კითხვა დაგისვათ, საქართველოს საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2020 წლის ბიუჯეტით, სახელმწიფო უნდა წარსდგეს, როგორც მაგალითი იმაში, რომ მოხდეს ხარჯების შემცირება. თქვენ როგორ ხედავთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს?

- ჩვენ ვართ იმგვარ კრიზისში, რომელიც სხვას არ ჰგავს, ეს არ არის ისეთი რამ რაც წარსულშიც გვაქვს ნანახი. ის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისგანაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს არის კრიზისი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის რეალურ სექტორზე - ბიზნესებზე, შინამეურნეობებზე ყველაფერზე. ჩვენ წევრ ქვეყნებს კრიზისების დროს მოვუწოდებდით გამოეყენებინათ სრული ამუნიცია იმ შეიარაღებების რაც მათ არსენალში იყო. საზოგადოებებმა უნდა დანერგონ საკმაოდ მკაცრი შემზუდავი ნორმები - მოქალაქეებს გარეთ გასვლა თუ სამსახურში წასვლა შეზღუდული აქვთ. ისინი ვეღარ სტუმრობენ მაღაზიებს, რესტორნებს თუ სხვა დაწესებულებებს.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოთა მიერ კომპენსაციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ, რათა მათ ამ შოკის პირობებში, გარკვეული დახმარება მაინც მიიღონ. შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტებიც უნდა შეიცვალოს.

ჩვენი პროგრამის მიმდინარეობის პირობებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების შემცირება და გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯვის მხარდაჭერა, რათა საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებულიყო. გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბიუჯეტის ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა რეკორდულ მაჩვენებელს, მშპ-ის 8%-ს მიაღწია.

დღეს კი პრიორიტეტი შეცვლილია. ამჟამად პირველი პრიორიტეტია დახმარება გაეწიოთ მათ, ვინც ინფიცირდება, უზრუნველყოფილი იყოს კარანტინის პირობები, შესაბამისად პრიორიტეტია ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები. პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ საავადმყოფოები იყოს უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი მარაგით, რაც ამ პერიოდში არის საჭირო.

მეორე ელემენტი კი არის მოსახლოებისა და ბიზნესების მხარდაჭერა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული, რომ იმ დროისთვის როდესაც შოკი მიილევა, მათ განაგრძონ ოპერირება.

- შეგიძლათ თუ არა უკვე საუბარი იმ ახალ რეალობაზე, რომელიც პანდემიის შემდეგ იქნება?

- ეს ნამდვილად რთული კითხვაა, არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ ახლა პანდემიის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ის მალე დამთავრდება. არის მნიშვნელოვანი გაურკვევლობა თუ რა იქნება ამ შოკის ხანგრძლივობა და მისი ეფექტი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ნებისმიერ ქვეყანაზე. ასევე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ, იქნებ ჩვენ მის შემდეგ აღარ ვიყოთ ისე სოციალიზებული, როგორც აქამდე ვიყავით.ეს ყველაფერი არ ვიცით და მხოლოდ დრო გვიჩვენებს ამას.

შვედეთის მაგალითზე ვნახეთ რომ სოციალური ინტერაქცია შესაძლოა არ ზრდის მნიშვნელოვნად ვირუსის გავრცელების ალბათობას, ჩინეთში კი ვიხილეთ ძალიან სწრაფი აღდგენა ეკონომიკის.

მე ვფიქრობ, რომ იქნება ახალი შესაძლებლობებიც საქართველოსთვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმიზირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ეს ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს დამარწმუნებელი ფაქტორი, რომ ჯანდაცვის სისტემა და მისი ინსტიტუციური მოწყობა არის მყარი.

საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან. შესაძლოა მომავალში ჩვენ ვიხილოთ საერთაშორისო წარმოების სიმძლავრეების რეალოკაცია და ამ მხრივ შესაძლოა საქართველომ გარკვეული ინვესტიციები მოიზიდოს.

ეს არის ის საკითხები, რომლის შესახებაც მთავრობის წარმომადგენლები უნდა ფიქრობდნენ - რადგან შოკის გარდა იქნება შესაძლებლობებიც.

მეორე მხრივ კი ტურიზმის მიმართულებას სირთულეები ექნება. შესაძლოა ეს იყოს იმის ბიძგი, რომ ეკონომიკაში მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია და ტურიზმი მართალია დარჩეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, თუმცა მოხდეს მეტი დივერსიფიკაციის შექმნა ყველა სექტორს შორის.

- საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღეს მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ადრესატია. 92 ქვეყანაზე მეტმა მოითხოვა, რომ მათში წარმოშობილი სხვადასხვა სახის სტრუქტურული ფინანსური დანაკარგების დაფარვა თქვენ მიერ მოხდეს. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად რთულია ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისის წინაშე მდგარი ამოცანა, რომ ქვეყნებს მიეცეთ დახმარება და შეივსოს მათი გადაუდებელი საჭიროებები. ამასთან ფონდის მმართველმა დირექტორმა, ქალბატონმა გეორგიევამ განაცხადა, რომ ერთი ტრილიონის მოცულობის დახმარება არის მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე. არის თუ არა ყველაზე მოწყვლადი ქვეყნების მიმართ დახმარება ამჟამად განხილვების ეტაპზე, თუ მათ შორისაც არიან ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების მსგავსად მიდიან წინ.

- დიახ, როგორც თქვენ თქვით, დღეს-დღეობით ჩვენ საკმაოდ მოთხოვნადი ვართ. მრავალი ქვეყანა მოგვმართავს გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით. ამ შოკის ბუნებიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეწოლა ხდება მსოფლიოს ეკონომიკაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მოთხოვნებს მაქსიმალური სიჩქარით განვიხილავთ. ჩვენ ამ დროისთვის უკვე დამტკიცებული გვაქვს $9 მილიარდი დოლარის დაფინანსება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სახსრები ესაჭიროებათ. დაფინანსების უმეტესობა ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყნებისთვის გაიცა. ერთი ტრილიონი დოლარი, რომელიც თქვენ ახსენეთ არის ფონდის შესაძლებლობა მოახდინოს დაფინანსება. ჩვენ ამ დახმარების მობილიზებას მაქსიმალური სიჩქარით ვცდილობთ. მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით, ის ფაქტი, რომ გვაქვს მიმდინარე პროგრამა და მთავრობამ დაფინანსება ამ პროგრამის გაფართოების გზით მოითხოვა, იყო განმაპირობებელი ფაქტორი იმისა რომ შედარებით ჩქარა მიღებულიყო გადაწყვეტილება. გასული სამი წლის განმავლობაში ამ პროგრამის შესრულების კარგი მაჩვენებელი, ასევე დიალოგი, რომელიც გვქონდა ჩვენ მთავრობასთან და სხვა სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, დაგვეხმარა იმაში, რომ ამ დაფინანსების მობილიზება შედარებით ჩქარა მოგვეხდინა.

- ჩემი ბოლო კითხვა საქართველოს ვალის მაჩვენებელს ეხება. ცხადია არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს მსოფლიოში ვალის მაჩვენებელი იზრდება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრს ვესაუბრებოდით და მისი შეფასებით, ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 60%-იან ნიშნულთან მივა. მიიჩნევთ თუ არა ვალის ამ მაჩვენებელს საქართველოსთვის გამოწვევად? - რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომელთა ვალის მოცულობაც მშპ-ის 100%-ს აჭარბებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ ვართ ამ მხრივ?

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში. საქართველოსთან მიმართ ჩვენი ურთიერთობა გავაფართოვეთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი სახელმწიფო ვალი არის მდგრადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ახალი ვალის გამოყოფაზე მიგვეღო გადაწყვეტილება. ვალთან მიმართებით ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზი გამოქვეყნდება და ამ ანგარიშს თქვენ იხილავთ. ის მომდევნო ორშაბათს ან სამშაბათს გამოქვეყნდება.

ჩვენ ვთვლით, რომ არის ფისკალური სივრცე იმისთვის, რათა მოხდეს ამ ვალდებულებების დაფინანსების ფორმირება, რომ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება ამ რთულ ვითარებაში მოახდინოს ეკონომიკის გადაუდებელი დაფინანსება და ფისკალური პასუხი გაეცეს იმ საჭიროებებს, რაც ეკონომიკას და მთლიანად საზოგადოებას აქვს, ხოლო ამავდროულად კი ვალი შენარჩუნდეს მდგრად დონეზე. რომ, როდესაც შოკი გადაივლის, სახელმწიფო დარჩება ერთგული ფისკალური დისციპლინის პოლიტიკის მიმართ.

დიახ, ვალის ნიშნული 60%-მდე გაიზრდება თუმცა, ის შემდგომში საშუალოვადიან პერიოდში კიდეც შემცირდება.

- კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობთ ამ ინტერვიუსთვის და ჩვენთვის განახლებული ინფორმაციის მოწოდებისთვის.

- მადლობა გიორგი, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გისურვებთ უსაფრთხოდ ყოფნას თბილისში.

თქვენც ასევე.


მერსედეს ვერა-მარტინი Forbes-ის კვირაში: