მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობა უნდა განერიდოს ეკონომიკას“ - ავთანდილ გოგოლი

600002bcdb59b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.21 15:05
1043
„FDI-ის მოზიდვის თვალსაზრისით, გლობალური კონკურენცია იმ დონის იქნება, რომ მხოლოდ Doing Business-ში კარგი პოზიციები, სხვადასხვა გამარტივებული პროცედურები, დაბალი კორუფციული რისკები და ა.შ. არ იქნება საკმარისი არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ აქ მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები“, - საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი კრიზისულ და პანდემიურ პერიოდში ინვესტიციების მოზიდვას ამ მიდგომით გეგმავს. ეს განცხადება გიორგი გახარიამ 2020 წლის მიწურულს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ ნდობის გამოცხადებამდე გამართული გამოსვლისას გააკეთა.

საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანია Capital Locus-ის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის აზრით კი, იმისთვის რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს „მთავრობა უნდა დამშვიდდეს, შეწყვიტოს ეკონომიკაზე "ზრუნვა" და მაქსიმალურად განერიდოს მას“.

ავთანდილ გოგოლი BM.GE-ისთან ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას 3 პრობლემას - გაზრდილ სახელმწიფო ვალს, გაუფასურებულ ვალუტის კურსს და ბიუროკრატიას ასახელებს და ამბობს, რომ სახელმწიფომ კერძო სექტორს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მისცეს.

„ინვესტიციების მოსაზიდად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ - ნაკლებად აქტიური უნდა იყოს ეკონომიკაში, ნაკლებად ჩაერიოს. ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ სუბსიდიები, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან მილიარდობით იხარჯება, უნდა დასრულდეს. საერთოდ აღრევა ხდება საბაზრო ეკონომიკის პრინციპების. რამდენად ეფექტურად იხარჯება სუბსიდიები ეს ხომ ცალკე კითხვაა და კორუფციის რისკი გვაქვს თუ არა - ესეც საკითხავია“, - აცხადებს ავთანდილ გოგოლი.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო საწარმოებისგან, იმისთვის რომ ინვესტორებისთვის შესაბამის სექტორებში მისაღები და კომფორტული გარემო შეიქმნას.

„სახელმწიფომ ასევე უნდა მოიცილოს სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა ზარალი ბოლო 8 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარამდე ავიდა“, - განაცხადა Capital Locus-ის დამფუძნებელმა.

ავთანდილ გოგოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი რესურსი აქვს ინვესტიციები არამხოლოდ ტექნოლოგიებსა და ლოგისტიკაში, არამედ აგრარულ სექტორშიც მოიზიდოს. ამასთან ის აღნიშნავს, რომ ეს ინვესტიციები უნდა მოხმარდეს მასშტაბურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ პროექტებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანი და მაღალფასიანი პროდუქტის შექმნა შეძლოს.

„ჩვენი სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტირებულია, საქართველოში ციტრუსი, კარტოფილი და ხორბალი შემოგვაქვს, მაშინ როდესაც ამის წარმოება აქაც შესაძლებელია. წარმოების დაწყება არასდროსაა პრობლემა, რადგან თუ კაპიტალი არის, მაშინ წარმოებასაც დაიწყებ. მთავარი პრობლემა რაც საქართველოში გვაქვს, ის არის, რომ საინვესტიციო პროექტებს გარკვეული გათვლების გარეშე ვიწყებთ, არ ვითვალისწინებთ შევძლებთ თუ არა ამა თუ იმ პროდუქტის გაყიდვას და იქნება თუ არა ის კონკურენტუნარიანი, რომ ინვესტიცია იყოს მომგებიანი

მასშტაბი და ტექნოლოგია ეს არის გამოსავალი... უამრავი რაღაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოში, თუნდაც მაგალითისათვის ავიღოთ ხორბლის მოყვანა... მთავარია, აგრარული კულტურის წარმოება უნდა იყოს მასშტაბური და ტექნოლოგიური. საქართველოში თუ მაგალითად 1მ2 მიწაზე კარტოფილის წარმოების პროდუქტიულობა 4 კგ-ია , ჰოლანდიაში ეს 32 კგ-ია, რაც იწვევს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას. ამიტომ მასშტაბი და ტექნოლოგია კონკურენტუნარიანობისათვის გადამწყვეტია“, - ამბობს BM.GE-სთან ავთანდილ გოგოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები