მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებს სჯერათ, რომ ქვეყანა პანდემიას მალე დაძლევს“ - ნათია თურნავა

605c7fb2474e2
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 16:08
773
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უცხოელ ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველო პანდემიას ძალიან მალე დაძლევს.

როგორც მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ამის დასტური TAV Georgia-ს მიერ პანდემიის მიუხედავად განხორციელებული ახალი ტერმინალის პროექტია.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორებს სჯერათ, რომ ქვეყანა ძალიან მალე დაძლევს პანდემიას, ძალიან მალე აღდგება ტურიზმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს არა მარტო ჩვენი საფუძვლიანი რწმენაა, არამედ ინვესტორების რწმენაა და ამის დასტური ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მოკლე ხანში პანდემიის მიუხედავად შედგა და ახლა ბათუმი განახლებული, ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობით უმასპინძლებს ჩამოსულ ტურისტებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ აეროპორტის გაფართოებისთვის TAV Georgia-მ 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მისი გახსნის დრო საქართველოს მთავრობის მხრიდან რეგულაციების შემსუბუქების პერიოდს დაემთხვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ განახლებული აეროპორტის გახსნა ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ეტაპობრივად შევამსუბუქეთ რეგულაციები. მართალია ვაქცინაციის ფონზე და მკაცრი პროტოკოლების შესრულების ფონზე, ველოდებით პირველ ტურისტებს და შეგიძლიათ ნახოთ, რომ მოფრინავენ პირველი ტურისტები, ისრაელიდან რეისები დაჯდა მაგალითად. 30 ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალში ბათუმის აეროპორტში“, - განაცხადა თურნავამ.