მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში მაისის ბოლოს ელოდება

5ec4e65e80f71
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.20 14:30
920
2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მაისის ბოლომდე შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ განცხადება დღეს გადაცემა "საქმიან დილაში" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. კოვზანაძე ასევე ამბობს, რომ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მისთვის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის ხელახალი კალკულაციაა საჭირო. 

"მაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს შემოვა. პარლამენტი ელოდება ბიუჯეტის ინიცირებას. განსაკუთრებითი კი ოპოზიცია ამას ითხოვს. ყველა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც გაკეთდა, ეს ცვლილებები უნდა იქნეს ბიუჯეტში ასახული და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში აისახება ყველა ეს პროგრამა, რაც იქნება ჩადებული, თუმცა ნებისმიერი განვლილი დღე, ფინანსთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ბიუჯეტზე აძლევს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, ეს მათთვის სამუშაოდ არის კარგი მასალა. რაც მეტხანს იმუშავებენ - მათთვის უკეთესია, რომ უფრო მომზადებული ბიუჯეტი შემოიტანონ.

ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის თავიდან მომზადებას. წარმოიდგინეთ, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უნდა შეიცვალოს. რეალურად დისკუსიაში უნდა ვიყოთ ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ მათი მდგომარეობაც მესმის. რეცესია იქნება, მინუს 4% კი იქნება აღებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იქნება. დეფიციტი ჯერადად გაიზრდება, ასევე შემოსავლები და ბიუჯეტის შემომავალი ფულადი ნაკადები შემცირდება.

ვფიქრობ,  შეიკვეცება ყველა ხარჯი, რომელიც არის შესაკვეცი და არ არის დაკავშირებული სოციალურ ხარჯებთან. ჩვენ იმდენად კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით მივდიოდით, რომ ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც ბიუჯეტში გაიწერება, იქნება შესრულებული. როგორც გითხარით ყოველ დღეს მეტი გარკვეულობა შეაქვს ამ სიტუაციაში და რაც მთავარია, ქვეყანა აიღებს და შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც აქამდე ჰქონდა, რაც ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი და რაც მას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჰქონდა" - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით,  2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი.