მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: აუდიტის ზედამხედველობის სებ-ში გადატანას ვერ დავეთანხმებით

5eea1d262e535
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.20 17:47
1094
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ის ვერ დაეთანხმება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში გადატანის საკითხს. კოვზანაძის შეფასებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არაა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ბევრ დებულებას. კომიტეტი ამაზე თანხმობას ვერ მისცემს. ეს არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გვაქვს გავლილი ყველასთან, ვისთანაც უნდა გაგვევლო. ამიტომ, ამ კანონპროექტიდან უნდა იქნეს ამოღებული ყველა ის მუხლი, რომელიც ეხება ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ირაკლი კოვზანაძეს დაუდასტურა, რომ სამინისტრო კანონპროექტიდან აღნიშნულ ჩანაწერს ამოიღებს.

თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სებ-ის ქოლგის ქვეშ გადასვლის შესახებ კომენტარი 27 მაისს გააკეთა. მაშინ კობა გვენეტაძემ თქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აუდიტის ზედამხედველობა სწორედ ცენტრალური ბანკის მოვალეობა იყო.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ქვეყანაში აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების ზედამხედველი ორგანოა. მის რეესტრში 2020 წლის მაისის მდგომარეობით, სულ 262 აუდიტორული კომპანია არის რეგისტრირებული.

სამსახურის დაქვემდებარებაში არის აუდიტორული ანგარიშგებების პორტალი reportal.ge, რომელზეც ყოველწლიურად ანგარიშვალდებული კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროება ხდება. 2019 წელს reportal.ge-ზე პირველი კატეგორიის 105 კომპანიის, მეორე კატეგორიის 404 კომპანიის, მესამე კატეგორიის 3004 კომპანიის და 99 სდპ-ს აუდიტორული და ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროვება მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ანგარიშგების წარდგენის მაჩვენებელმა 90% შეადგინა.