მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ხმალაძე: „ბაგების საბაგირო აპრილის ბოლოს ამოქმედდება“

6051cc82191d0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 15:55
1586
თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საბაგირო აპრილის ბოლოს ამოქმედდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-მერის განმარტებით, ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქონების გადაცემა მიმდინარეობს და მერია თსუ-სთან მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს ათანხმებს.

„თსუ-ისთვის ჩვენ პირობები არ წარგვიდგენია. გვჭირდება აქტივის გადმოცემა, რათა დავიწყოთ ექსპლუატაცია, რაზეც კომუნიკაცია გუშინაც გქვონდა. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი თვის ბოლოდან საბაგირო უკვე ჩაირთვება და მგზავრების გადაყვანას დაიწყებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კითხვას - როგორი იქნება საიჯარო პირობები და რა რესურსს ჩადებს მერია მისი ამოქმედებისთვის, ირაკლი ხმალაძემ უპასუხა, რომ საიჯარო პირობებსა და ფასს მნიშვნელობა არ აქვს.

„აქ საუბარია რა პირობებით ისარგებლებენ სტუდენტები მგზავრობის შემთხვევაში, რაზეც უნივერსიტეტთან კიდევ შევთანხდებით. ვსაუბრობთ შეღავათიან ტარიფებზე, თუმცა მგზავრობას გარკვეული საფასური მაინც ექნება და თავის ხარჯებს ეს საბაგირო ამოიღებს. მუნიციპალური ტრანსპორტი, განსაკუთრებით საბაგირო მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა არ არის. ეს საჯარო მუნიციპალური სერვისია, რომელიც მოსახლეობას აუცილებლად სათანადო ხარისხით უნდა მივაწოდოთ. შესაბამისად, ეს პროექტი საჭიროების გამო განხორციელდა და აქ მნიშვნელობა არ აქვს რა ხარჯების გაწევა მოგვიწევს“, - განმარტა ვიცე-მერმა.

აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღებ პუნქტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ს თსუ-დან მიაწოდეს. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, თბილისის მერიასთან შესაბამის პირობებზე უნივერსიტეტში მსჯელობა დასრულდა, დადებითი პასუხი კი თბილისის მერიას უახლოეს მომავალში ეცნობება. კონკრეტულ პირობებზე უნივერსიტეტში ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

ცნობისთვის: ბაგები-მაღლივის საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს "საქსპეცტრანსი" ასრულებდა. რეაბილიტირებული საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას, დაახლოებით, 3 წუთი დასჭირდება, თუმცა საბაგირო ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა.

როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი წლის წინ აცხადებდნენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები "საქსპეცტრანსის" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებდა. უნივერსიტეტში ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მუშაობას დაიწყებდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტეტის სტუდენტები საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებდნენ.