ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ს გამოყენების ავტორიზაცია მისცა.
როგორც მოსკოვში ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, უახლოეს მომავალში თეირანი რუსული წარმოების ვაქცინის იმპორტს გეგმავს.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი ვაქცინაციას მოახდენს უმეტესად რუსული, ინდური ან ჩინური ვაქცინით, თუმცა, ქვეყანა ვაქცინის შეძენას კომპანია AstraZeneca-სგანაც განიხილავს.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამასთან, ირანში დაწყებულია ადგილობრივი წარმოების სამი ვაქცინიდან ერთ-ერთის კლინიკური ცდები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1,39 მილიონი შემთხვევა. COVID-19-ს ქვეყანაში 57 560 ადამიანი ემსხვერპლა.