7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმიდან მოყოლებული, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. დღეს ჰამასის დაფინანსების წყაროებზე და ამ დაჯგუფების მხარდამჭერებზე მოგიყვებით.
დავიწყოთ იმით, რომ ჰამასი 1987 წელს, ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელების აჯანყების დროს შეიქმნა. თავდაპირველად, ეს იყო რადიკალური პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ისრაელის მოსპობას და ერთიანი პალესტინის შექმნას ისახავდა მიზნად.
დროსთან ერთად ჰამასის გავლენა გაიზარდა და 2006 წელს ღაზის სექტორში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მან გამარჯვება მოიპოვა. ამ დროიდან მოყოლებული, ჰამასი ღაზის სექტორის ერთპიროვნული მმართველია, რომელიც ერთდროულად ასრულებს მთავრობის, სასამართლოს, პარლამენტის, ჯარის და პოლიციის როლს. დასავლეთი ჰამასს ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარებს, თუმცა ის ღაზის სექტორის დე ფაქტო ლიდერად ითვლება.
2007 წლიდან ღაზის სექტორი ისრაელის და ეგვიპტის სრულ ბლოკადაში მოექცა, სხვა სახმელეთო მეზობელი კი ღაზის სექტორს არ ჰყავს, ანუ ის გარე სამყაროსგან იზოლაციაში აღმოჩნდა. თუკი, რა თქმა უნდა, საზღვაო გასასვლელს არ ჩავთვლით.
თავად ეს ტერიტორია 365 კვადრატული კილომეტრის მოცულობისაა და იქ დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიისა და მოსახლეობის ამ შეფარდებით ღაზის სექტორი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.
გარდა ამისა, ღაზის სექტორის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი წერტილიცაა, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 60%-ს აღწევს. რეგიონის ეკონომიკის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე კი დაახლოებით 800 დოლარის ფარგლებშია, რაც ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებელია. ღაზის სექტორში უმუშევრობის დონე თითქმის 50%-ია, რაც აგრეთვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად არცერთი მსხვილი კომპანია, შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორებშია დასაქმებული.
რეალურად, ღაზის ეკონომიკა უფუნქციოა და ეს რეგიონი სრულადაა დამოკიდებული გაეროს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე. ჰუმანიტარული დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქციას უგზავნიან. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარება, უმეტესწილად, ჰამასის საკუთრება ხდება, ღაზის სექტორში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი კი ისედაც ჰამასის კონტროლს ექვემდებარება. ძალის ასეთი გადანაწილების ფონზე, ღაზაში ექსტრემალურად მაღალია ჰამასის ჯგუფის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რაოდენობა, რადგან ჰამასთან წინააღმდეგობის გაწევა, ძირითადად, ნებისმიერი მოქალაქისთვის ფატალურად სრულდება.
ტერორისტული დაჯგუფების წევრების ასეთი სიმრავლე განსაკუთრებით ართულებს რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის და ტერორისტების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ბუნებრივია, ამ მოცემულობით დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.
ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ღაზას სექტორში სამხედრო ტექნიკის და იარაღის დეფიციტი არ შეიმჩნევა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება ეკონომიკაში დაგროვილ ფულს სწორედ იარაღის შესყიდვაზე ხარჯავს. გაეროს ინფორმაციით, ჰამასი დაახლოებით მილიარდი დოლარის ბიუჯეტს აკონტროლებს, ეს კი ძირითადად გადასახადებიდან აკრეფილი თანხაა.
რაც შეეხება ჰამასის იარაღით მომარაგებას. ამას ძირითადად ირანი უზრუნველყოფს, რომელიც ღიად უჭერს მხარს ტერორისტულ დაჯგუფებას. ირანი ჰამასს შეიარაღებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონ დოლარს აძლევს.
აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, ირანი ჰამასს არა მარტო ნაღდ ფულს, არამედ პირდაპირ იარაღსაც აძლევს. ისრაელის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის უდიდესი ნაწილი სწორედ ირანსა და რუსეთშია წარმოებული.
საინტერესოა იარაღის მიწოდების გზებიც. როგორც გითხარით, ღაზის სექტორს პირდაპირი სახმელეთო გასასვლელი არ აქვს სხვა ქვეყნებთან, თუმცა ტერორისტები მაინც ახერხებენ რეგიონში დიდი მოცულობით იარაღის შეტანას. ამ ოპერაციის ჩასატარებლად ისინი მიწისქვეშა გვირაბების სისტემას იყენებენ. როგორც ცნობილია, ღაზის სექტორში გვირაბების საკმაოდ დიდი სისტემა გადის, რომელსაც ასამდე შესასვლელი და გამოსასვლელი აქვს, ტერორისტები კი ამ რესურსს ეფექტიანად ითვისებენ.
მეორე გზა ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება, რომელზე გასასვლელი ღაზის სექტორს აქვს. მართალია, ისრაელი აქტიურად ცდილობს იარაღის გადაზიდვის კონტროლს, თუმცა უკლებლივ ყველა გემის, ნავის და სატვირთო ხომალდის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია.
უშუალოდ ფინანსური დახმარების მიღებას რაც შეეხება. ჰამასი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მოკვეთილია საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, ამიტომაც ირანი ჰამასს ნაღდი ფულით ეხმარება, რომელიც გვირაბებით და საზღვაო გზებით შეაქვთ.
გარდა ამისა, ჰამასი ტრანზაქციებში აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტასაც. როგორც ირკვევა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰამასს 41 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები აქვს მიღებული დონაციის სახით.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰამასი ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისრაელის მოსპობას ისახავს.