მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის განსხვავებული იყო“ – BAG-ის დირექტორი პოლიტიკაში წასულ ბიზნესომბუდსმენზე

5f5b3da05ee03
ინგა მურუსიძე
11.09.20 17:33
1226
"ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება“, - ამ სიტყვებით წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ დაუშვილი ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე. ამ პოსტზე დაუშვილი 11 თვე იყო, დღეს კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულშია მე-11 ნომრად. პარტიაში იმედი აქვთ, რომ ის მე-10 მოწვევის პარლამენტში გუნდს იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს. "ჩემი ამოცანა იქნება, რომ ვიყო თითოეული მეწარმის, ბიზნესმენის ხმა საქართველოს პარლამენტში", - ასე ხედავს თავის მისიას თავად მიხეილ დაუშვილი. 

რამდენად ეფექტიანი ბიზნეომბუდსმენი იყო უკვე "ოცნების" სიის მე-11 ნომერი - ამ კითხვით BM.GE-მ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიმართა. ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ დაუშვილი მისი წინამორბედებისგან განსახვავებული იყო.

"მიხეილ დაუშვილი განსხვავებული იყო; ის არ იყო საჯარო სივრცეში აქტიური, როგორც მისი წინამორბედები, მაგრამ მისი საქმიანობა იყო გაცილებით ეფექტიანი, რადგან პრემიერისგან ჰქონდა დელეგირება; ის ბიზნესს სამინისტროების დონეზე არაერთი საკითხის მოგვარებაში ეხმარებოდა. მე არ მახსოვს პერიოდი, რომ შეხვედრაზე თავი შეეკავებინა, ძალიან დეტალურად სწავლობდა ყველა საკითხს, რომელსც დავაყენებდით. ბიზნესომბუდსმენს ჩვენი პრობლემები მთავრობამდე მიჰქონდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და ბიზნესისთვის ბრობლემურ თემებზე საუბრისას მაგალითად შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და ამ პროცესში დაუშვილის როლი მოიყვანა. 

„ბიზნესომბუდსმენი გვისმენდა და გვეხმარებოდა დიდი საკითხების მოგვარების პროცესში, რაც შეეხებოდა რეგულაციებს; როცა ჩვენ ვსაუბრობდით რეგულაციებზე, პრობლემებზე, რაც ბიზნესს აქვს, ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მიდიოდა მთავრობამდე. ასევე, შრომითი კანონმდებლობა შეიძლება დასახელდეს მაგალითად, რაზე მსჯელობა ახლაც გრძელდება. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ომბუდსმენთან და მთავრობის პოზიციასაც მისგან ვიგებდით", -აღნიშნა ვეფხვაძემ. 

რაც შეეხება თავად ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებას, თან არსებული ფორმით, როცა ბიზნესომბუდსმენს თანამდებობზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის მეთაური, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, მართალია, თავისი არსით ინსტიტუტი კვაზია, მაგრამ როცა თემა ეხება რამდენიმე უწყებას და ბიზნესისთვის ფუნდამენტური საკითხებია მოსაგვარებელი, ბიზნესომბუდსმენის აპარატი თავის ფუნქციას ასრულებს.

„როცა რომელიმე მარეგულირებელი დაწერს რაღაცა ტიპის ჯარიმას, შეფასებას და ა.შ. მისი ზემდგომი ინსტანცია, სამინისტროს სახით, ე.წ. მუნდირის ღირსებას იცავს და არ ახდენს რეაგირებას. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი ბიზნესომბუდსმენის ჩართულობა, როცა ის შიდა მხრიდან ახდენს ადვოკატირებას და გვეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მიმაჩნია, რომ საჭირო ინსტიტუტია. ბიუროკრატიული პრობლემები ყველა ქვეყანაშია. ახლა შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდა ახალი ინსტიტუტის შემოღებაო, მაგრამ როდესაც უკვე არსებობს და ტრადიცია არის ჩამოყალიბებული, სჯობს, იყოს და ის ფუნქციები შეასრულოს, რაც აქამდე ჰქონდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

bm.ge მიხეილ დაუშვილის პოსტზე ყოფნის პერიოდში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკას გამოითხოვს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.