მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმები, რომელთა გატარება წიაღის სექტორის საინვესტიციო მიმზდიველობას გაზრდის

6411c15183786
თელარა გელანტია
15.03.23 23:55
681
საქართველოს ექსპორტის, დაახლოებით, 30% მინერალური რესურსების ექსპორტზე მოდის. ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები. როგორც ირკვევა, 2022 წელს ქვეყანამ სპილენძის მადნების, ფეროშენადნობების თუ მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტით მილარდ 600 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, 2019 წელს დასრულდა. 2020 წელს კი, მეორე ფაზის დაწყება დაანონსდა, თუმცა რამდენადაც გავარკვიეთ, მესამე წელი დაიწყო და ბევრი სიახლე ამ მხრივ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ბევრი არაფერი იძებნება - რაც მოვიძიეთ ისაა, რომ წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვალა და საქმიანობას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით აგრძელებს, მაგრამ სსიპ-ის ვებგვერდზე საქმიანობის ბოლო ანგარიში 2020 წლით თარიღდება და არც სიახლეების ზოლია დიდად ინფორმაციული.

აღსანიშნია, რომ წიაღის რეფორმის მეორე ფაზა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში შედის.

„საქართველოს სამთო სექტორში ინვესტიციების გასაძლიერებლად, საჭიროა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზება. რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს სექტორში პოლიტიკა და დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოში“, - წერია სამოქმედო გეგმაში.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რეფორმის მეორე ფაზა სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას და წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის ფორმირებას გულისხმობს.

აღსანიშნია ისიც, რომ სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ინვესტორთა საბჭოს მე-19 სხდომაზე მოხსენებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე წარდგა. „რაც გვაწუხებს, ყოველთვის ღიად ვამბობთ“, - თქვა სხდომის შემდეგ სოსო ფხაკაძემ.

რა შესაძლებლობებს ხედავს ბიზნესი წიაღის სექტორში, რა უნდა გაკეთდეს რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში, რა აწუხებს და როგორ წარმოუდგენია დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა - ამ საკითხებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალურად ისაუბრა.

„წიაღი ეს არაა ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საკუთრება. წიაღი ეს არის საერთო სახალხო საკუთრება. სახელმწიფოს აქვს მისი ფლობის ექსკლუზიური უფლება და ასევე, ლიცენზიის გაცემის გზით, გარკვეული შენატანის პირობით, აძლევს საშუალებას კერძო ჯგუფს, რომ გამოიყენოს ეს რესურსი. წიაღის რესურსიდან სარგებელი უნდა მიიღოს ყველამ, მაგრამ გამოწვევა არის შემდეგში - ჩვენ შეგვიძლია მოვინდომოთ და მივიღოთ მნიშვნელოვანი სარგებელი დღეს, მაგრამ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წიაღის ის ათვისებული რესურსი, რომელიც გვაქვს, იწურება, ახალი საბადოები კი არ იხსნება, ახალი კვლევა-ძიება არ ტარდება და შესაბამისად, პრობლემაა ის, რომ არ ხდება ინვესტირება ახალი ტერიტორიების ათვისებისთვის. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ სჯობს, დღეს რაღაც მოვიკლოთ, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები, რომელსაც ისინი წიაღის მოსაკრებლის სახით იღებენ, სხვა გზით დავაბალანსოთ და ორიენვტირდეთ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ადგილობრივ ბიუჯეტებში გაჩნდეს ორჯერ მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს აქვთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

BMGTV-სთან ინტერვიუში BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წიაღის სექტორის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდისთვის საჭირო რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოყო. მათ შორისაა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საფასურის ანუ ყოველწლიური მოსაკრებლის გამოთვლის მოდელი.

„დღეისათვის, წიაღის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლი შეაქვთ ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც გამოითვლება არა ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტობრივი შედეგების მიხედვით, არამედ წიაღის მოპოვების გეგმიდან გამომდინარე. პირობითად, 300 000 ტონა მადნის მოპოვებაზე გაიცა 30-წლიანი ლიცენზია და წელიწადში კომპანიამ 10 000 ტონა უნდა მოიპოვოს. დაბეგვრის არსებული მოდელის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, 10 000 ტონა მოიპოვა კომპანიამ თუ - 5 000 ტონა, ბიუჯეტში მაინც 10 000 ტონის შესაბამისი მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს. ეს მოდელი ვერ ითვალისწინებს საერთაშორისო, საბაზრო კონიუნქტურას... სწორედ ამ საკითხზე გვაქვს სამუშაო - თუკი გადავალთ ახალ, ე.წ. როლიატის მოდელზე (Royalty - არის საფასური, რომელსაც ვიხდით სხვისი გარკვეული სახეობის საკუთრების გამოყენების უფლებისთვის, მათ შორის: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის, პატენტის, სავაჭრო ნიშნის, ნოუ ჰაუს და ა.შ. ), კომპანიები მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მიხედვით გადაიხდიან ყოველწლიურ მოსაკრებელს. ასეთ შემთხვევაში, ადგილობრივ ბიუჯეტებს, ლოგიკურად, დააკლდებათ შემოსავალი, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაბალანსდეს და სწორედ ეს იქნება დასათვლელი - რისი გაღება მოუწევს ცენტრალურ ბიუჯეტს დაბალანსებისთვის, სანამ ამ მოდელის სრულად და კარგად ამუშავება არ მოხდება“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ საჭიროა, დონორების ფინანსური დახმარება, რათა კერძო სექტორის და სახელმწიფოს კოლაბორაციის შედეგად, დაითვალონ ახალ მოდელზე გადასვლის ხარჯი და ასევე, პოტენციური სარგებელი, რომელსაც რეფორმა მოიტანს.

გარდა ამისა, წიაღის სექტორის წინაშე არსებულ გამოვწვევებს შორის BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოყო ლიცენზიის გაცემის პროცედურა და ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების შესახებ არსებული მონაცემების სანდოობის საკითხი.

„პრობლემა რაშია - შენ თუ ხარ საერთაშორისო, რეპუტაციული ინვესტორი წიაღის სექტორში და შემოდიხარ საქართველოში, დაგახვედრებენ გაყვითლებულ ფურცლებზე ჩამოწერილ მონაცემებს სხვადასხვა საბადოების შესახებ. ცხადია, ძალიან რთულია, ამ მონაცემებით ინვესტორი დაარწმუნო ინვესტირებაზე - მან ამ მონაცემების ვალიდაცია უნდა მოახდინოს, რაშიც ფული უნდა დახარჯოს. ამავე დროს, როგორ გაიცემა ქვეყანაში წიაღის რესურსზე ლიცენზია - სახელმწიფო კომპანიას ეუბნება, რომ შენ უნდა აიღო ორეტაპიანი ლიცენზია ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებაზე საბჭოთა მონაცემების საფონდო მასალის მიხედვით, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ საჭიროა, წიაღის სექტორშიც ლიცენზიის გაცემის ის მოდელი დაინერგოს, რომელიც დღეს ნავთობის და გაზის სექტორშია.

„როდესაც კომპანია შედის ნავთობის და გაზის ოპერაციებში, ის ჯერ იხდის მხოლოდ ხელმოწერის ბონუსს და წინასწარ უთანხმდება სახელმწიფოს, რომ ორი წლის შემდეგ, თუ ტერიტორიაზე გარკვეული მარაგი დაფიქსირდება ანუ ეკონომიკურად საინტერესო იქნება, კომპანია გადავა მოპოვების ეტაპზე და მხოლოდ მაშინ გადაიხდის სრულად ლიცენზიის თანხას; იქამდე კი, ვალდებულება აქვს, ინვესტიცია საბადოს სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ჩადოს. ამდენად, ჩვენ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღესვე ვიღაცას გადავახდევინოთ ლიცენზიის ფული და თანხა ბიუჯეტში შევიტანოთ. მაგალითად, 2019 წელს ერთ-ერთ კანადურ კომპანიასთან გვქონდა ურთიერთობა - პოლიმეტალების მოპოვება აინტერესებდა. ლიცენზიის საწყისი ღირებულება იყო 7 მლნ ლარი, თუმცა საბადოს შესახებ მხოლოდ საბჭოთა მონაცემები არსებობდა, ამიტომ კომპანიამ თავი შეიკავა ლიცენზიის შეძენისგან, რადგან არ არსებობდა სანდო ინფორმაცია საფონდო მასალის შესახებ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

BAG-ში კიდევ ერთ გამოწვევად ასახელებენ ურთიერთობას მინაკუთვნის (გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს) მფლობელსა და მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შორის, რომელიც სალიცენზიო ბლოკთან ახლოს ცხოვრობს და საკუთრებასთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებს.

„ჩვენი აზრით, ამ საკითხის მოგვარება სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ლიცენზიის ობიექტის აუქციონზე გამოტანამდე. კერძოდ, აუქციონის წესის ნაწილი უნდა იყოს, თუ გარკვეული თანხაა გადასახდელი. შემდეგ ინვესტორი თავად გადაწყვეტს, მიიღოს აუქციონში მონაწილეობა თუ - არა. არ შეიძლება ინვესტორს არაკელთილსინდისიერად მოექცე. გვქონია შემთხვევები, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წლებია იხდის წიაღის მოსაკრებელს, მაგრამ ბუნებრივი რესურსის მოპოვებას ვერ ახერხებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, მთავრობის ეკონომიკური გუნდი წიაღის სექტორში არსებული გამოწვევების საქმის კურსშია და ის რეფორმის მეორე ფაზამ უნდა მოიცვას.

„რეფორმას 10-15-წლიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები