მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET - ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

5dbb09073a3dc
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.19 20:20
3266
ISET-ი საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. 

ხაჭაპურის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა:



"ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6% -ით მეტია წინა თვესთან (2019 წლის სექტემბერთან) შედარებით და 8.6% -ით მეტია წინა წლის (2018 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელთან შედარებით.

წლიურ ინფლაციაზე იმოქმედა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6% -ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4% -ით, საფუარის – 0,1% -ით. ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდის ტენდენციას ნედლი რძის სეზონური შემცირება იწვევს, რასაც შედაგად ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მოყვება.

ამავე პერიოდში, ქართული ლარი აშშ დოლარის მიმართ 12%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში ლარსა და აშშ დოლარს შორის გაცვლითმა კურსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 2,97 შეადგინა. საქართველოში მოხმარებული სურსათის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურებამ კი გავლენა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასებზე. ქართული ლარის გაუფასურებამ ხაჭაპურის იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებზეც იმოქმედა, რომლებიც იმპორტირებული რძის ფხვნილით (ნედლი რძის შემცვლელი) იწარმოება, ასევე კარაქსა და ხორბალზე.

გასაკვირი არ არის, რომ ხაჭაპურის ინდექსი ფასების უფრო ფართო დინამიკას ასახავს და სამომხმარებლო ფასების ინდექსთან (სფი) თანხვედრაშია. ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა შესაბამისობაშია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის დონესთან, რომელიც ასევე გაიზარდა სექტემბერში 6,4%-ით წლიურად (2019 წლის ოქტომბრისთვის სფი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). 2019 წლის სექტემბერში, ინფლაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ფასების ზრდით ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა საკვები და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 11,7%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (ზრდა 14,6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (ზრდა 3,4%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.7%), დასვენება, გართობა და კულტურა (6,9%)", - ნათქვამია ISET-ის მიმოხილვაში.