მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში საშობაო ბაზრობები არ გაიმართება - ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება

5fd8aadbbc1c8
ნათია თაქთაქიშვილი
15.12.20 20:30
749
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანას სადღესასწაულო პერიოდში ახალი შეზღუდვები სჭირდება და საშობაო ბაზრობები არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კონტეს თქმით, წლევანდელი შობა უფრო სამგლოვიარო ხასიათის იქნება, რადგან ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა საოცრად მაღალია და ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„წელს შობა გვექნება ტრადიციული თავყრილობების, ჩახუტებების და კოცნის გარეშე“, - განაცხადა კონტემ.

იტალიის რეგიონების უმრავლესობა ნაწილობრივ ლოქდაუნშია და 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე გადაადგილებაზე აკრძალვებია დაწესებული.

„ახლა საჭიროა დამატებითი შეზღუდვები. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ მესამე ტალღა, რადგან ის დამანგრეველი იქნება“,- განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

გარდა იმისა, რომ მიმოსვლა აკრძალულია რეგიონალური მასშტაბით, მოსახლეობას ასევე აეკრძალებათ მშობლიური ქალაქების დატოვება, როგორც შობის, ასევე ახალი წლის დღეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის ექიმთან ვიზიტი ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.

ცნობისთვის, იტალია ევროპაში ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 65 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.