მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო 12 კომერციულ საარბიტრაჟო დავაშია

61519ca4a28f5
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.21 14:54
1523
რეკორდულად არის გაზრდილი თანხა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სხვადასხვა საარბიტრაჟო დავაში იურისტების დაქირავებაზე ხარჯავს. BMG-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამ დავებზე წელს მთავრობა ჯამში 85.7 მილიონს ხარჯავს, რაც წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტია.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ BMG-ის განუცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე 12 საარბიტრაჟო დავაშია ჩართული:

“რაც შეეხება დავებს სხვადასხვა კომპანიებთან, მოგეხსენებათ, კონტრაქტები შეიძლება შეწყდეს ან შეიძლება შეიცვალოს და ეს არის ორ ან მეტ მხარეს შორის ურთიერთობის საკითხი. ბუნებრივია ზოგჯერ იცვლება გარემოებები, იცვლება განწყობები. აქ კონტრაქტის მიმართ განწყობები და მთელი რიგი სხვადასხვა საკითხებიც არის. როდესაც იცვლება პირობები, ამ დროს მხარეები ცდილობენ, რომ მორიგდნენ ერთმანეთთან და თუკი ეს მორიგება ვერ შედგება იწყება უკვე ის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანობის აღდგენას და იმ პირობებზე დაბრუნებას, რომელიც იქნებოდა კონტრაქტის დადებამდე და ბუნებრივია აქ თითოეული მხარე ცდილობს, რომ მიიღოს სარგებელი თავისათვის. ამ შემთხვევაში ერთვება ნეიტრალური არბიტრი და მასთან ცდილობენ მხარეები თავისი სიმართლის დამტკიცებას.

როდესაც საქმე ეხება ბიზნეს კონტრაქტებს, აქ მხარეები ცდილობენ ჩართონ საერთაშორისო არბიტრაჟი. თუ არ ვცდები, ამ ეტაპზე არის 12 მიმდინარე კომერციული დავა,”- აცხადებს რატი ბრეგაძე.

მიმდინარე 12 დავას მალე შესაძლოა მე-13-ე დავაც შეემატოს, რაც ENKA-ს მხრიდან საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვას უკავშირდება. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ინვესტორს დავის დაწყების უფლება აქვს.

“თუკი რა თქმა უნდა კომპანია გადაწყვეტს და წავა იდავოს არბიტრაჟში, ეს რა თქმა უნდა მათი უფლებაა და სახელმწიფო გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას. თუკი დაიწყება დავა ამ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ შემდგომ და რა თქმა უნდა ასე წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ,”- აცხადებს ბრეგვაძე.

წლების მიხედვით, არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში მონაწილეობის ბიუჯეტი ასე ნაწილდებოდა:

2017 – 43,2 მლნ ლარი;
2018 – 28,7 მლნ ლარი;
2019 – 35,8 მლნ ლარი;
2020 – 48,2 მლნ ლარი;
2021 – 85,7 მლნ ლარი.

შედარებისთვის, წელს არბიტრაჟებში დასახარჯი 85.7 მილიონი აღემატება დევნილთა განსახლების მთლიან ბიუჯეტს, რაც 85 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, სახელმწიფოს უცხოელ ინვესტორებთან დავა უფრო ძვირი უჯდება ვიდრე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები