მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლი კოვიდ-ბარათებს დისტანციურად არ გასცემს - განმარტება

611cef5317239
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 15:35
12997
საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 17 აგვისტოდან იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნული იყო, რომ კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.

BM.GE დაინტერესდა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, შეიძლებოდა თუ არა მსურველს კოვიდ-ბარათი დისტანციურად მიეღო, მით უფრო იმ პერიოდში, როდესაც დამძიმებული ეპიდ-ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით - 4 სექტემბრამდე გაჩერებულია. ამ კითხვით იუსტიციის სახლს მივმართეთ, სადაც აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლი დოკუმენტს მხოლოდ ადგილზე მისულ მოქალაქეებზე გასცემს დოკუმენტს.

„ამ ცნობის დისტანციურად გაცემა იუსტიციის სახლის კომპეტენციაა არაა, ჩვენი კომპეტენციაა მოსულ მომხმარებელს მოვემსახუროთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კოვიდ-დოკუმენტის ელექტრონულ ფორმატზე, რომელიც საბოლოო ჯამში საერთაშორისო ბაზებს მიუერთდება და QR კოდის საშუალებით თითოეული მომხმარებლის ნახვა იქნება შესაძლებელი.

იუსტიციის სახლი, ამ დოკუმენტს გასცემს, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს დოკუმენტი, როდესაც მას ის მატერიალური სახით ესაჭიროება. იუსტიციის სახლს არც ერთი დისტანციური სერვისი არ გააჩნია, რადგან იუსტიციის სახლი არის სახელმწიფოს წინა ხაზი, სადაც მატერიალურად ხორციელდება დოკუმენტების გაცემა. უწყებების დიდ ნაწილს აქვს დოკუმენტების დისტანციურად გაცემის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია მათი ვებგვერდიდან ან იუსტიციის სახლის ვებგვერდიდან მოხვდეთ მათ ვებგვერდებზე“, - განმარტავენ იუსტიციის სახლში.

იუსტიციის სახლი კოვიდ-ბარათის გაცემისთვის მოქალაქეებს დისტანციურ არხებს არ სთავაზობს, თუმცა, კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება აცრილ პირებს ელექტრონულად სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე შეუძლიათ, საიდანაც QR-კოდიანი ელექტრონული ბარათის ჩამოტვირთვაცაა შესაძლებელი.